ვაზიანი - გომბორი - თელავის საავტომობილო გზაზე, მდინარე იორის წყალსაცავთან „კიას" მარკის ავტომანქანა, რომელშიც ხუთი ადამიანი იჯდა არხში გადავარდა. კახეთის სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილის მიხეილ ოსოშვილის ინფორმაციით, ავტომანქანა წყალმა გვირაბში შეათრია, თუმცა მაშველებმა ხუთივე მგზავრის გადარჩენა შეძლეს, იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი.
„მსუბუქი ავტომობილი მოსახვევში არხში გადავარდა. შეტყობინება როგორც შემოვიდა მაშინვე გავედით შემთხვევის ადგილზე. მანქანა გვირაბში იყო შეტანილი, წყალი დავაწყვეტინეთ, თოკებით შევედით გვირაბში და მგზავრების გადარჩენა შევძელით. დაახლოებით ნახევარი საათი დაგვჭირდა, ყველა უვნებელი ამოვიყვანეთ. გაყინულები იყვნენ და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მიხეილ ოსოშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ხუთივე მგზავრი დაახლოებით 30 წლამდე ასაკის არის. არსებული ინფორმაციით, ისინი იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები არიან და პანკისის ხეობაში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე მიდიდოდნენ.
რა გახდა ავტომობილის არხში გადავარდნის მიზეზი, უცნობია.