ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში სადაო შენობის წარმომავლობის დასადგენად სპეციალური კომისია შეიქმნება.
კომისიის მუშაობაში სპეციალისტები ჩაერთვებიან და გადაწყვეტილებასაც მათი დასკვნის შემდეგ მიიღებენ.ამის შესახებ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ადგილობრივები მიესალმებიან კომისიის შექმნას და მზად არიან ჩართონ მათი წარმომადგენელი მის მუშაობაში. ვითარებაში გარკვევის მიზნით, ვფიქრობთ მოვიწვიოთ ძეგლთა დაცვის სააგენტო, კულტურის სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, არასამთავრობო სექტორი, რათა ზედმეტი კითხვები აღარ გაჩნდეს. მთლიანობაში, ამ კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თუ ვისი კუთვნილებაა ეს შენობა", - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ამ დრომდე გრძელდება ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება. პროტესტი, სოფლის ცენტრში მდებარე ყოფილი კულტურის სახლში ბიბლიოთეკის მოწყობამ განაპირობა. მუსლიმები იქ მეჩეთის მშენებლობას მოითხოვენ.