დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელთან ბესიკ ბაუჩაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ხიხაძირის თემში სახალხო დღესასწაულს „ტბელობას" დაესწრება. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ხულოს გამგეობის წევრები და საზოგადო მოღვაწეები. არჩილ ხაბაძე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.
„ტბელობა" 1979 წლიდან ტარდება სხალთა-ხიხაძირის ხეობაში. იგი დაკავშირებულია აქაური მკვიდრის, XIII საუკუნის მწერლის, მეცნიერისა და მოაზროვნის, საერო და სასულიერო მოღვაწის ტბელ აბუსერისძის სახელთან. ივ. ჯავახიშვილისა და კ. კეკელიძისა დახასიათებით, მან დიდი წვლილი შეიტანა შუა საუკუნეების ქართული კულტურის, მეცნიერებისა და სასულიერო მწერლობის განვითარებაში, იმდროინდელი საქართველოს ყოფა-ცხოვრების შესწავლაში. მასვე შეუდგენია ასტრონომიულ-კალენდარული ნაშრომი, რომელიც 1223 წლით თარიღდება.
პირველი დღესასწაული 1979 წლის 13 სექტემბერს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ტბელ აბუსერისძე წმინდანად იქნა შერაცხული, მას შემდეგ ტბელობის ჩატარება დაუკავშირდა მისი ხსენების დღეს. მასში მონაწილეობენ საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები, მწერლები, პოეტები, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლები.