რუსთავის ავტოდრომზე BMW Club Georgia-ს მიერ ორგანიზებული საქართველოს დრიფტის ჩემპიონატი უკრაინელმა მრბოლელმა ალექსანდრე გრინჩუკმა მოიგო. პროფესიონალთა კლასის ფინალში პირველი ადგილი მას გიორგი სარიშვილმა ორჯერ ფრედ დასრულებული გარბენის შემდეგ დაუთმო.
ჩემპიონატში 10 ქართველი პროფესიონალი და 30-მდე მოყვარული დრიფტერი ასპარეზობდა. უკრაინელი მრბოლელი კი თბილისში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა.
პროფესიონალთა კლასში ადგილები ასე გადანაწლდა: 1. ალექსანდრე გრინჩუკი (უკრაინელი სტუმარი) 2. გიორგი სარიშვილი (Slide Empire) 3. ირაკლი ბერულავა (BMW Club Georgia).
მოყვარულებში კი საპრიზო ადგილებზე გავიდნენ: 1. ალექსანდრე ხეროდინაშვილი. 2. ვახო ხურციძე (ბათუმის ავტოდრომი) 3. ლევან სიჭინავა
„ეს იყო ყველაზე სანახაობრივი და საინტერესო შეჯიბრი ქართული დრიფტის ისტორიაში. ამ დღემ აჩვენა, რომ ქართველი მრბოლელები თავისი მონდომებით ღირსეულ კონკურენციას უწევენ 10 წლის გამოცდილების მქონე დრიფტერს, რომელიც ტექნიკურად კარგადაა მოზადებული და მეტი ფინანსური მხარდაჭერა აქვს. ალექსანდრე გრინჩუკსა და გიორგი სარიშვილს შორის ფინალში ორთაბრძოლა ორჯერ ფრედ დასრულდა და სამწუხაროდ, მესამე წრეზე გიორგი სარიშვილის ავტომობილი მწყობრიდან გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩატარებულ ჩემპიონატებს შორის ეს შეჯიბრი ყველაზე დიდი საპრიზო ფონდით გამოირჩეოდა," - აცხადებს BMW Club Georgia -ს დამფუძნებელი გიგი ტუღუში.
ჩემპიონატში გამარჯვებულებისთვის, პრიზების სახით საწვავი კომპანია „რომპეტროლმა" დააწესა.
პროფესიონალთა კლასის გამარჯვებულებს შემდეგი პრიზები გადაეცათ:
I ადგილი - 500 ლარი, 50 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერი, თასი, მედალი, დიპლომი.
II ადგილი - 300 ლარი, 50 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერი, მედალი, დიპლომი.
III ადგილი - 100 ლარი, 50 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერი, მედალი, დიპლომი.
მოყვარული მრბოლელები კი შემდეგი პრიზებით დაჯილდოვდნენ:
I ადგილი - 150 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერი, თასი, მედალი, დიპლომი.
II ადგილი - 100 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერი, მედალი, დიპლომი.
III ადგილი - 50 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერი, მედალი, დიპლომი.
BMW Club Georgia-ში აცხადებენ, რომ ეს შეჯიბრი ფინალის წინა ეტაპი იყო, ხოლო ჩემპიონატის ფინალი ხუდადოვზე 8 ნოემბერს გაიმართება.