ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებას ე. წ. სამხრეთ ოსეთის 30 მოქალაქე ჰყავს დაკავებული. ამის შესახებ სააგენტო "რესი" ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. სახალხო დამცველზე დევიდ სანაკოევზე დაყრდნობით იუწყება.
სანაკოევის მტკიცებით, ოსურმა მხარემ მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს 12 მოქალაქე გაათავისუფლა, მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებას ე. წ. სამხრეთ ოსეთის 30 მოქალაქე ჰყავს დაკავებული, რომელებსაც ქართული მხარე "უგზო-უკლოდ დაკარგულებად" მოიხსენიებს.
სეპარატისტების ე. წ. სახალხო დამცველის შეფასებით, ოსური მხარის მიერ დაკავებულების განთავისუფლების მიზნით შეთავაზება "ყველა ყველაში" ჩიხში შევიდა, რადგან მხარეებმა საკითხს სხვადასხვა ინტერპრეტაცია მისცეს.
სანაკოევის განმარტებით, ე. წ. სამხრეთ ოსეთის მხარე არა მხოლოდ აგვისტოს მოვლენების შემდეგ დაკავებული პირების განთავისუფლებას ითხოვს, არამედ იმ ადამიანებისაც, რომლებიც 2008 წლამდე იყვნენ დაკავებული.
"საქართველოს ხელისუფლება, კერძოდ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე, დაგვპირდა, რომ აგვისტოს მოვლენების დროს დაკავებულებს გაათავისუფლებდნენ, თუმცა მოგვიანებით პირობა დაარღვია", - აღნიშნა სანაკოევმა.