„თარიღი, როგორც ჩანს, შემთხვევითი არ არის: საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერიდან სულ რაღაც ოთხი თვე გავიდა და რუსეთმა აფხაზეთს „კოოპერირებ-ინტეგრირების" ხელშეკრულების დადება შესთავაზა", - აღნიშნულია შვეიცარული გამოცემის „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგის" სტატიაში.
„პროექტის თანახმად, გათვალისწინებულია საქართველოს ამბოხებული რეგიონის უფრო მეტად და მტკიცედ მიბმა რუსეთის ფედერაციასთან: ინტეგრირების სფეროები მოიცავს როგორც სოციალურ, ასევე სამხედრო სფეროებს, მოსკოვი ხელმძღვანელისა და მაკონტროლებლის ფუნქციებს ღებულობს. ფაქტიურად, ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთი ევრაზიულ საბაჟო კავშირს უახლოვდება. თბილისი პროტესტს აცხადებს და ხაზს უსვამს, რომ ეს კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯია აფხაზეთის ანექსიის საკითხში რუსეთის მიერ.
სხვათა შორის, პარლამენტის სპიკერი ვალერი ბღანბა საკმაოდ სკეპტიკურადაა განწყობილი ამ პროექტის მიმართ და მასში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას ითხოვს, რომელიც რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და მხარეთა თანასწორუფლებიანობის დაცვას ითვალისწინებს.
აფხაზეთი შავიზღვისპირა ქვეყანაა, რომელიც საქართველოსთან 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარი სისხლიანი კონფლიქტის შემდეგ, იზოლირებულია და სიღარიბეში ცხოვრობს. მისი ბიუჯეტი 70%-ით მოსკოვიდან ფინანსდება, ყველანაირი პროდუქციის იმპორტი რუსეთიდან ხდება. უფრო მეტიც - 240 ათას აფხაზს ჯიბეში რუსეთის მოქალაქის პასპორტი უდევს. მოსკოვმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა, მის შემდეგ კი კრემლი სოხუმს მფარველობას უწევს. აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზებია დისლოცირებული დაახლოებით 5000-იანი კონტინგენტით, საქართველოსთან საზღვარს კი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეები აკონტროლებენ.
აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობა უარყოფითად მოქმედებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე. უნდა ითქვას, რომ აფხაზეთი საკმაოდ განსხვავდება სამხრეთ ოსეთისაგან, რომელიც, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ასევე საქართველოს ეკუთვნის, თუმცა დე-ფაქტოდ მასაც რუსეთი აკონტროლებს. ამ რამდენიმე თვის წინათ აფხაზებმა გარკვეულწილად რუსეთის მიერ გატარებული პოლიტიკაც გააკრიტიკეს რესპუბლიკაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით - მძიმე კრიმინალური და სოციალური ფონის გამო. ზაფხულში საპროტესტო აქციები გაიმართა, რამაც ხელისუფლების ცვლილება გამოიწვია, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
მასალის გამოყენების პირობები