რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელი "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმებას აფხაზების მარცხად აფასებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალის" მთავარი რედაქტორი, ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ აფხაზური საზოგადოების მარცხი ე.წ. პრეზიდენტის ანქვაბის გადაგდებიდან დაიწყო.
მისი თქმით, მარცხი არა ანქვაბის ვამოგდება, არამედ ის იყო, რომ ყველაზე მეტად პრორუსული ამბიციებით ცნობილი რაულ ხაჯიმბა მოვიდა.
"ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთს სურს ეს ყველაფერი განახორციელოს რაც შეიძლება ნაკლები სკანდალებით. ახლა უკვე თვითონ აფხაზეთზეა - გაანალიზოს ის თუ რისთვის იბრძოდნენ ისინი ჩვენს წინაღმდეგ.ზოგადად, კი ყოველივე ის, რაც დღეს ხდება მათი იდეის, რა იდეაც მათ ჰქონდათ და რისთვისაც ისინი იბრძოდნენ დასასრულის დასაწყისია",_ აცხადებს ირაკლი ალადაშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი აფხაზეთთან "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმების გაფორმებას აპირებს. შეთანხმების პროექტის თანახმად, ინტეგრაციისა და პარტიორობის ძირითად მიმართულებებად განსაზღვრულია შეთანხმებული საგარეო პოლიტიკის გატარება; თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის ფორმირება; ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნა და საერთო კულტურული და ჰუმანიტარული სივრცის შენარჩუნება. გარდა ამისა, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს აფხაზეთის საზღვრების ერთობლივად დაცვას და ერთობლივი სამხედრო შენაერთების შექმნას. შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში კი, მხარეები ვალდებული იქნებიან ერთმანეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ. პროექტში წერია, რომ საქართველოსთან საზღვარზე კონტროლი ეტაპობრივად უნდა გამკაცრდეს, რუსეთთან კი პირიქით - ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას.