რუსეთმა აფხაზეთს მოკავშირეობისა და ინტეგრაციის საკითხში ხელშეკრულების თავისი ვერსია შესთავაზა, რომელიც ორი ქვეყნის დაახლოებისკენაა მიმართული, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში. პროექტის ტექსტი არ გამორიცხავს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შექმნას", - აღნიშნულია "გაზეტა.რუს" გამოქვეყნებულ სტატიაში.
„მაგრამ საქმე ისაა, რომ აფხაზებისათვის საკუთარი არმია - ეს იდენტურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა და შესაბამისად, შეთავაზება არ ნიშნავს იმას, რომ აფხაზური არმიის რუსულთან გაერთიანების მცდელობა საზოგადოებაში მოწონებას დაიმსახურებს. რასაკვირველია, პარლამენტში, სადაც უკვე ხელშეკრულების პროექტი განსახილველადაა შეტანილი, ამბობენ, რომ შესაძლოა მისი კორექტირება მოხდეს.
„გაერთიანებული ჯარების დაჯგუფება" - ასე ჰქვია სამომავლო სამხედრო სტრუქტურას, რომელიც შესაძლოა რუსეთ-აფხაზეთის ახალი ხელშეკრულების განხილვა-რატიფიცირების შედეგად შეიძლება შეიქმნეს. უნდა ითქვას, რომ პირველად ამგვარი იდეა ჯერ კიდევ ხუთი წლის წინათ ხელმოწერილ შეთანხმებაში იყო ჩადებული, მაგრამ თუ იმ დროს ამას მხოლოდ დეკლარაციის ხასიათი ჰქონდა, ახლა, როგორც იტყვიან, „საქმე-საქმეზე მიდგა". მართალია, ხელშეკრულების პროექტში ჩაწერილიია, რომ ახალი სამხედრო სტრუქტურა „გარე აგრესიის მოსაგერიებლად ყალიბდება, გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად", თუმცა არის გაურკვევლობები: იგივე 51-ე მუხლში განსაზღვრულია, რომ ყოველ ქვეყანას აქვს თავდაცვის ინდივიდუალური უფლება, ხელშეკრულებაში კი ხაზგასმულია, რომ ამ დოკუმენტის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს შეიარაღებული ძალების გაერთიანება, სამ წელიწადში კი ერთიანი სამხედრო სტანდარტები და უნიფიკაცია უნდა დასრულდესო. საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთის არმია გადადის არა იმდენად რუსულ ყაიდაზე, რამდენადაც რუსების ხელმძღვანელობის ქვეშ.
კავკასიის საკითხები ექსპერტის ივან სუხოვის აზრით, სწორედ ამ ფაქტორს შეუძლია აფხაზურ საზოგადოებაში უკმაყოფილობა გამოიწვიოს: დღეს რუსეთის არმია თანამედროვე ტიპის მუდმივმოქმედი არმიაა, აფხაზური არმია კი ძირითადად რეზერვისტულ სისტემას ემყარება: რეზერვისტები მუდმივად სამხედრო ნაწილებში არ იმყოფებიან, მაგრამ მზად არიან დაძახებისთანავე რესპუბლიკის დასაცავად გამოვიდნენ. ბევრი რეზერვისტისთვის, რომელთა მხრებზე ქართულ-აფხაზურმა ომმა გადაიარა, ამგვარი რეფორმა მტკივნეული იქნება.
ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე დაახლოებით ხუთი ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, ანუ ორჯერ მეტი აფხაზური არმიის რაოდენობასთან შედარებით.
ჯერ-ჯერობით ზუსტად არავინ იცის, გადაიქცევა თუ არა „გაერთიანებული ჯარების დაჯგუფება" გაერთიანებულ არმიად, ან მესამე სახის ერთგვარ ბუფერულ წარმონაქმნად, თუმცა აშკარაა - ვექტორი სწორედ გაერთიანებისაკენაა მიმართული: აფხაზებს სამსახური რუსეთის სამხედრო სტრუქტურაში მოუწევთ. ეს არც არის გასაკვირი: პატარა აფხაზურ ეროვნულ სამხედრო სტრქუტურას მილიონიაი არმია უდრტვინველად ჩაყლაპავს.
ალბათ, აფხაზი პარლამენტარები „ამ საშიშროებას" ითვალისწინებენ და ამიტომაც ხელშეკრულების პროექტის განხილვის დროს დაბრკოლებები მოსალოდნელია.
როგორც ივან სუხოვი ამბობს, აფხაზეთის პარლამენტში „წყალქვეშა ქვებია", იქ სიტუაცია ისეთი „უნიფიცირებული" არაა, როგორც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში, მით უმეტეს, რომ აფხაზი დეპუტატები ექს-პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის მმართველობის პერიოდში არიან არჩეულნი. მართალია, ბევრი დღევანდელი პრეზიდენტის - რაულ ხაჯინბას მომხრეებიც არიან, მაგრამ აშკარაა, რომ დოკუმენტის განხილვის დროს კიდევ წარმოჩინდება საკანონმდებლო ორგანოს დამოუკიდებელი პოლიტიკური როლი.
მასალის გამოყენების პირობები