ფინანსთა სამინისტროში გაიმართა სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის განხორციელების საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომელიც ზედამხედველობასა და მონიტორინგს გაუწევს სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმას.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილის, პაპუნა პატრიაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ფინანსების მართვა გულისხობს რეფორმებს როგორც ბიუჯეტის დაგეგმვისა და აღსრულების, ისე გადამხდელთა მომსახურების გამარტივების კუთხით, ანუ ყველა იმ სფეროში, სადაც მონაწილეობს ფინანსთა სამინისტრო თავისი სტრუქტურებით.
"საკოორდინაციო საბჭომ განიხილა 2010 წლის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ფინანსთა სამინისტრო წელს გააგრძელებს მუშაობას. აღნიშნული დოკუმენტი მოიწონეს დონორებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა. საზოგადეობისთვის ხელმისაწვდომიბის კუთხით, სამოქმედო გეგმა განთავსდება ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე," - განაცხადა პატრიაშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, სახელმწიფო სახსრების ეფექტური მართვა ხელს უწყობს ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაუმჯობესებას და საბიუჯეტო სექტროში დისციპლინის ზრდას.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა მიმდინარე წლის მარტში, ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის ბრძანებით და მის მუშაობაში ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობას იღებენ პარლამენტის წევრები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.