საქართველოს ხელისუფლება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისაგან მორიგი სესხის აღებას გეგმავს. სესხი შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის იქნება აღებული. ამის შესახებ მსჯელობა დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაიმართა, სადაც განიხილა სასესხო ხელშეკრულება "საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის" (შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზი).
ხელშეკრულება მიზნად ისახავს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებით თბილისისა და დასავლეთ საქართველოს ერთმანეთთან დაკავშირებას. კერძოდ, გარდაბანისა და ზესტაფონის ქვესადგურებს შორის დაახლოებით 315 კილომეტრი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის აშენებას და რეაბილიტაციას. გარდა ამისა ხელშეკრულები ასევე გათვალისწინებულია ახალციხეში ახალი მუდმივი დენის გარდამსახი სადგურის მშენებლობა, რომელიც ერთმანეთს საქართველოსა და თურქეთის ელექტროსისტემებს დაუკავშირებს.
საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისაგან 80 მილიონ ევროს ითხოვს. პროექტი კი სავარაუდოდ 2013 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. სესხის ხანგრძლივობა კი 15 წელია. აქედან 4 წელი იქნება შეღავათიანი. ხელშეკრულების რატიფიცირება პარლამენტმა კენჭისყრით უნდა მოახდინოს.