რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ავტორიტარული რეჟიმი შექმნა ახლა კი მუსოლინის რეჟიმის ელემენტების შემოღება დაიწყო. განცხადება ამის შესახებ პოლონურ ტელეარხთან საუბარში რუსეთის ექს-პრემიერმა (2000-2004 წწ) მიხაილ კასიანოვმა გააკეთა.
„რუსეთში არ არის არავინ ვინც გაბედავს პუტინის წინააღმდეგ წასვლას მის უახლოეს გარემოცვაში და ასევე არ არის არც ერთი გენერალი, რომელიც გაბედავს და ეტყვის პუტინს, რომ ის მის ბრძანებებს არ ემორჩილება და არც გასცემს ბრძანებას წავიდეს შეტევით უკრაინაზე.
ასეთი გენერლები გაქრნენ. ყველა უსმენს მას და ელის თუ რას იტყვის პუტინი. ეს ნამდვილი ავტორიტარული რეჟიმია",_ განაცხადა კასიანოვმა.
მისივე თქმით, პუტინს ახლა რუსეთში მუსოლინის რეჟიმის ელემენტები შემოაქვს, სადა შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი ოფიციალური თვალსაზრისი.
„ახლა ჩვენ, დემოკრატიულ პოზიციას მეხუთე კოლონას გვიწოდებენ, ხალხის მოღალატეებს. ჩვენ არ გვეგონა, რომ დემოკარტიის მშენებლობის 20 წლის შემდეგ ასეთ რამეს მივიღებდით",_ აცხადებს კასიანოვი და იმედს გამოთქვამს, რომ ასეთი რამ დიდი ხნის განმავლობაში არ გაგრძელდება, ხალხი „გაიღვიძებს" და განვითარების ნორმალურ გზას დაუბრუნდება.
პუტინის წარმატებას რუსეთში და რუსულ საზოგადოებაში ყირიმის ოკუპაციის მხარდაჭერას კასიანოვი იმით ხსნის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის მოქალაქეები „პოსტსაბჭოური და პოსტიმპერიული სინდრომებით" დაავადდნენ.
მისივე თქმით, ყირიმის ოკუპაცია და აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში იმიტომაც გახდა შესაძლებელი, რომ დასავლეთმა დროული რეაგირება არ მოახდინა რუსეთის აგრესიაში საქართველოში 2008 წელს.
"დასავლეთი იყო ნეიტრალური, მოგვიანებით კი კრემლთან ეკონომიკურ თანამშრომლობას დაუბრუნდა. ამიტომაც პუტინმა გააკეთა დასკვნა, რომ დასავლეთმა მას მისცა უფლება ეკეთებინა ყველაფერი რაც მას მოესურვებოდა. უკრაინა და ყირიმი ამ პოზიციის შედეგია",_ განაცხადა ექს-პრემიერმა.
ამას გარდა, რუსეთისათვის მთავარ პრობლემაც კასიანოვი ასახელებს იმას, რომ პუტინს არ ესმის დასავლეთის ნამდვილი ფასეულობები - თავისუფლება, დემოკრატია და ადამიანის უფლებები და იმას, რომ ევროპა მათზე უარს არ იტყვის.
„მას სჯერა, რომ მსოფლიოში ყველაფერი იყიდება, პრობლემა კი მხოლოდ ფასია. ის მზადაა ეს ფასი გადაიხადოს და თან უკვირს, რომ ვერ იღებს იმას რაც სურს"_ აცხადებს ექს-პრემიერი.
დასასრულს მიხაილ კასიანოვმა აღნიშნა, რომ დასავლეთის მიერ რუსეთისათვის დაწესებული საქნციები უკვე მოქმედებს და არღვევს პუტინის გარემოცვის ერთობას.
„პუტინსა და მისი გარემოცვის წინაშე მალე წარმოქმნება პრობლემა მიკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა. მას გაუჭირდება დაპირებული ხელფასებისა და პენსიების გაცემა, მას გაუჭირდება მოქალაქეების წინაშე ნაკისრი მიმდინარე ვალდებულებების შესრულებაც - ეს კი მის უნარზე უხელმძღვანელოს ქვეყანას იქონიებს გავლენას",_ აცხადებს მიხაილ კასიანოვი.