პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის ქმედებები ბევრ კითხვებს ბადებდა, თუმცა მისი მცდელობა, რომ საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭო, ისე აჭარის მთავრობა, უშედეგოდ დასრულდა. როგორც ,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ღარიბაშვილმა განაცხადა ჯერ კიდევ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გააფრთხილა დუმბაძე სიტყვიერად, აღარ ჩაერულიყო აჭარის მთავრობის საქმიანობაში.
„სამწუხაროდ, მურმან დუმბაძე ცდილობდა, უხეშად ჩარეულიყო აჭარის მთავრობის საქმიანობაში. ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გააფრთხილა იგი სიტყვიერად, აღარ ჩაერულიყო აჭარის მთავრობის საქმიანობაში. ჩვენი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ მოხდა ხელისუფლების რეალური გადანაწილება, მკაფიოდ გამიჯნულია პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, მათ შორის, აჭარის მთავრობის და აჭარის უმაღლესი საბჭოს ფუნქციები. სამწუხაროდ, მურმან დუმბაძის ქმედებები ძალიან სერიოზულ კითხვებს ბადებდა ჩვენში. მისი მცდელობა, რომ საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭო, ისე აჭარის მთავრობა, უშედეგოდ დასრულდა. ორი წლის შემდეგ და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, იგი აგრძელებდა მსგავს დესტრუქციულ მოქმედებას. ამიტომ, ჩვენ გავაანალიზეთ მისი ქმედებები და, სამდივნოს გადაწყვეტილებით, იგი გარიცხულია პარტია „ქართული ოცნებიდან", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.