საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოს მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ მთავრობა ცდილობს ყურადღება არ მოაკლოს გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებს და ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანების პრობლემების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნია.
"2013 წელს გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა მოუგვარდა 39 სოფელს, აშენდა 20-მდე ამბულატორია, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საავტომობილო გზებს, სწავლა დაუფინანსდა ამ რეგიონში მცხოვრებ 470 სტუდენტს, რისთვისაც სახელმწიფომ 900 000 ლარი გამოყო. 2014 წლის მარტში დაიწყო სოფლების გაზიფიცირების პროექტი და წლის ბოლომდე 62 დასახლებული პუნქტი იქნება უზრუნველყოფილი,"- განაცხადა პრემიერმა.
მან ადგილობრივებს სოფლის მეურნეობაში მიმდინარე სიახლეები პირადად გააცნო. პრემიერის ინფორმაციით, სახელმწიფომ დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება გლეხების დასახმარებლად.
"ჩვენ დავიწყეთ აგროდაზღვევა, რაც გლეხებს სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფების მიერ მიყენებულ ზარალს შეუმცირებს. წელს პირველად ფერმერებს საშუალება მიეცათ დაააზღვიონ საკუთარი მოსავალი სეტყვის, ჭარბი ნალექის, ქარიშხლისა და საშემოდგომო ყინვის შემთხვევებში. რაც მთავარია, ისინი შეძლებენ სტიქიისგან ზიანის მიღების შემთხვევაში, მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება სადაზღვევო კომპანიებისგან. გარდა ამისა, წელს პირველად დაიწყო ვაშლის სუბსიდირება. ეს არის უპრეცედენტო პროგრამა. სახელმწიფო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 8 თეთრის სუბსიდიას გასცემს. ამ პროგრამისთვის 3 მილიონი ლარია გამოყოფილი. ეს პროექტი გლეხებს დაეხმარება მოგება მიიღონ ისეთი პროდუქტისგან, რომლის გაყიდვასაც ადრე ვერ ახერხებდნენ,"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ პრემიერს შიდა გზებისა და სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემების მოგვარება სთხოვა. მათ ასევე მიაწოდეს ინფორმაცია რამდენიმე ოჯახისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ და დახმარების აღდგენა ითხოვეს. მთავრობის მეთაურის განმარტებით, წინა ხელისუფლების დროს არსებობდა ქულების არასამართლიანი დათვლის წესი, რაც ინერციით გაგრძელდა, თუმცა ახლო მომავალში სოციალური დახმარებების გაცემის ახალი წესი ამოქმედდება. მანვე დაავალა გუბერნატორს, გამოიკვლიოს დახმარების შეწყვეტის მიზეზი და მოახდინოს რეაგირება მსგავს ფაქტებზე.
მასალის გამოყენების პირობები