ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირს, "მწვანე ავტოკლუბსა" და ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო "მონიტორინგს" შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ - "პარტნიორობა - გარემოს დაცვისათვის", რომელიც ითვალისწინებს საწვავის ხარისხის პერმანენტული მონიტორინგის განხორციელებას.
ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო "მონიტორინგი" აკრედიტირებულ იქნა 2009 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის მიერ.
ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო "მონიტორინგი" ახორციელებს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბიზნესსექტორში მოქმედი კომპანიების მიერ იმპორტირებული და რეალიზებული პროდუქციის ნებაყოფლობით სერტიფიცირებას, რაც ნიშნავს ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი, საცხებ-საპოხი მასალა) ხარისხობრივ შემოწმებას. კერძოდ, ექსპერტის მიერ ხდება თითოეულ შემოსულ პარტიაზე ვაგონ-ცესტერნებიდან, ავზებიდან სინჯების აღება და შემდგომ მათი შემოწმება ორგანოს კონტრაქტორ აკრედიტირებულ ლაბორატორიაში.
სერტიფიკაციის ორგანო "მონიტორინგი" მიმდინარე წელს რეგულარულად ახორციელებს კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ მისი წარმოებული პროდუქციის (ბენზინი, დიზელი) სერტიფიცირებას. ჯერ არ დაფიქსირებულა შემთხვევა, როცა მათ მიერ იმპორტირებული საწვავი არ აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი სტანდარტის მოთხოვნებს. მეტიც, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული მათი საწვავის ხარისხი.
გარდა "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისა", ერთჯერადად განხორციელდა სერტიფიცირება ისეთი კომპანიებისა, როგორებიც არიან "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" და "სენტა პეტროლიუმი".
დღეისათვის საქართველოს ბაზარზე საწვავის ხარისხთან დაკავშირებით ვითარება დამაკმაყოფილებელია და რეალიზაციაშია როგორც ევრო 5-ის, ასევე ევრო 4-ისა და ევრო 1-ის სტანდარტის შესაბამისობის საწვავი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედებს საწვავის ის სტანდარტები, რომლებიც მოქმედებდა გასულ წელს.