გაეროს ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის გამგზავრება ქვეყნის საგარეო იმიჯს დააზიანებს, მიიჩნევს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი. როგორც პეტრიაშვილმა განმარტა, გაეროს ასამბლეაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოდის და შესაბამისად დელეგაციის ხელმძღვანელიც ის უნდა იყოს..
„ჩემი დამოკიდებულება არის ანალოგიური, როგორიც იყო მთავრობის. საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ის გამოვა სიტყვით გენერალურ ასამბლეაზე. გენერალური ასამბლეა არის მთავარი ღონისძიება ამიტომაც მიმაჩნია, რომ საქართველოს დელეგაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ერთი ხელმძღვანელით და ეს ხელმძღვანელი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრეზიდენტის გამგზავრება ამ ღონისძიების ფარგლებში არ მიმაჩნია სწორად და მიზანშეწონილად, რადგანაც ეს დააზიანებს ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯს და ამიტომაც მიმაჩნია, რომ უნდა წავიდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მე პატივს ვცემ საქართველოს კონსტიტიციას, მაგრამ კიდევ უფრო დიდ პატივს ვცემ ჩვენს ქვეყანას და კიდევ უფრო ვუფრთხილდები მის საერთაშორისო იმიჯს. ასევე ვისურვებდი რომ ანალოგიურად მოიქცეს საქართველოს პრეზიდენტიც", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.