საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი „ლოს ანჯელეს ლეიკერსში" გადადის. როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში განმარტავენ, ტრანსფერი ოფიციალურად ჯერ არ განხორციელებულა, თუმცა მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა სპორტულმა სააგენტო ESPN-მა უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოკოშკოვი ბაირონ სკოტის სამწვრთნელო შტაბში ჩარიცხვასთან ახლოს არის.
იგორ კოკოშკოვმა გასული 2 სეზონი „კლივლენდ კავალიერსში", მაიკ ბრაუნის სამწვრთნელო შტაბში გაატარა. ის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო და გასულ სეზონში კონტრაქტი ამოეწურა. საუბრები კოკოშკოვის ლეიკერსში გადასვლაზე გასულ ივლისშიც იყო, თუმცა დღეს ეს სკითხი თითქმის გადაწყვეტილია. სწორედ დღეს გაავრცელა ESPN-ის ბლოგერმა მარკ სტეინმა ინფორმაცია, რომ კოკოშკოვი „ლოს ანჯელეს ლეიკერსში" გადადის.
„ლეიკერსის" მთავარი მწვრთნელი ბაირონ სკოტია, რომელსაც სამწვრთნელო შტაბი ჯერ არ დაუკომპლექტებია. სავარაუდოდ, კოკოშკოვი ჯონი დევისთან ერთად სკოტის ასისტენტი იქნება, ხოლო მოთამაშეთა განვითარების მწვრთნელები მარკ მედსენი და ლარი ლუისი იქნებიან.
იგორ კოკოშკოვი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია და ამაში „ლოს ანჯელეს ლეიკერსი" ხელს ვერ შეუშლის. კოკოშკოვმა საქართველოს ნაკრები 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა და გუნდს მომავალ ევრობასკეტზეც უთავკაცებს. „ლოს ანჯელეს კლიპერსის", „დეტროიტ პისტონსის", „ფინიქს სანსის" და „კლივლენდ კავალიერსის" შემდეგ „ლეიკერსი" ნბა-ს მე-5 გუნდი იქნება, რომელშიც სერბი მწვრთნელი იმუშავებს.