ფაქტია, რომ ამ დროისთვის დაფარული რაღაც ტიპის განხეთქილება 2016 წლამდე ცხადი გახდება, - აცხადებს გაზეთ "პრემიერისთვის" მიხემულ ინტერვიუში ექსპერტი კახა კახიშვილი. მისი თქმით, კოალიცია `ქართული ოცნების~ ლიდერებს შორის `ნერვების ომი~ მიმდინარეობს.
"მოდით, ასე ვთქვათ _ მმართველ კოალიციაში ვიღაცები თავს არაკომფორტულად გრძნობენ. საუბარია კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერებსა და მის წევრებზე. ისინი, შესაძლოა, კმაყოფილი არ არიან იმ კვოტებით, რაც მათ კოალიციაში აქვთ, იმ ურთიერთობებითა და გადაწყვეტილებების მიღებაში იმ დოზით მონაწილეობით, რაც მათ დღეს გააჩნიათ. ამავდროულად, ისიც კარგად ესმით, რომ ამ კოალიციის უკან ბიძინა ივანიშვილის სახით ძალიან სერიოზული ავტორიტეტი დგას, რომელსაც ისინი დღეს ვერ დაუპირისპირდებიან და ამ გზით ვერ აღმოჩნდებიან ხელისუფლებაში. იმის მიუხედავად, რომ თავს არაკომფორტულად გრძნობენ, მაინც ურჩევნიათ ხელისუფლებაში ყოფნა, რადგან იციან, რომ წარმომადგენლობით ოპოზიციაში გადასვლის შემთხვევაში, ბარიერს ვერ გადალახავენ. ისინი დღეს ჩუმად არიან და სარგებლობენ სახელისუფლებო ბერკეტების მეშვეობით საკუთარი პარტიების გამაგრებით. ამავდროულად, ამ ყველაფერს თავად კოალიციის ლიდერიც უყურებს. ერთი ფიქრობს, რაც შეიძლება მეტად გაწელოს ხელისუფლებაში ყოფნის დრო, რათა არსებული ბონუსებით ისარგებლოს და გააძლიეროს საკუთარი პარტია და მეორე, აკვირდება, როდის დადგება ხელსაყრელი პოლიტიკური პერიოდი, როდესაც ასეთი ტიპის პოლიტიკურ ლიდერებს კოალიციასა და თანამდებობებს დაატოვებინებენ. ამიტომ დღეს კოალიცია `ქართული ოცნების~ ლიდერებს შორის `ნერვების ომი~ მიმდინარეობს. ვნახოთ, ვინ გაუძლებს მაგრამ ფაქტია, რომ ამ დროისთვის დაფარული რაღაც ტიპის განხეთქილება 2016 წლამდე ცხადი გახდება", - აცხადებს კახიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები