საქართველოს შესახებ უცხოეთის მასმედიის მიერ დღეს, 25 აგვისტოს გავრცელებულ მასალებში აფხაზეთში გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების თემა დომინირებს. ბრიტანული „ბი-ბი-სი"-სა და „როიტერის", ფრანგული „ფრანს-პრესის", პოლონური „პაპ"-ის, რუსული „ინტერფაქს"-ის, „იტარ-ტასს"-ის, „რია ნოვოსტისა" და სხვა სააგენტოების მიერ გამოქვეყნებულ მასალებში ასახულია არჩევნების შედეგები: ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელი წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ხმები უმეტესობა - 50,57% - მიიღო რაულ ხაჯინბამ, რაც სავსებით აკმაყოფილებს გამარჯვების პირობებს. ამრიგად, რაულ ხაჯინბა აფხაზეთის პრეზიდენტად იქნა არჩეული. მისმა მთავარმა კონკურენტმა ასლან ბჟანიამ ხმების 35,91% მიიღო. არჩევნებში მონაწილეობდა ამომრჩეველთა 70%.
არჩევნების თემაა განხილული რუსეთის გაზეთ „რბკ დეილში" გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „არჩევნები რევოლუციის შემდეგ" (ავტორები პოლინა ხიმშიაშვილი და ფარიდა რუსტამოვა). მასში გადმოცემულია არჩევნების მიმდინარეობა (მდგომარეობა დღის ბოლოსათვის), პროგნოზი (რაულ ხაჯინბას სავარაუდო გამარჯვება), კანდიდატთა პროგრამების მთავარი პრინციპები, ამონარიდები აფხაზეთში რუსეთის ელჩის სემიონ გრიგორიევის ინტერვიუდან და სხვა. „არცერთი კანდიდატი აგიტაციის დროს აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს არ შეხებია. ყველა მათგანი ხაზს უსვამდა, რომ აუცილებელი აფხაზეთ-რუსეთის ახალი დიდი ხელშეკრულების გაფორმება", - ნათქვამია სტატიაში.
„აჟამად აფხზეთისა და რუსეთის ურთიერთობა 2008 წელს ხელმოწერილი შეთანხმებით რეგულირდება, რომლის ზოგიერთი მუხლი მოძველდა და შეცვლას საჭიროებს. რუსეთ-აფხაზეთის ახალ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის ჩამოყალიბება ორი ქვეყნის ჯარების ინტეგრაციული დაჯგუფების შექმნის გზით, აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის თანდათანობით გახსნა და პირიქით, აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის დაცვის განმტკიცება-გაძლიერება... დოკუმენტმა უნდა დაარეგულიროს საკითხების სოციალურ-ეკონომიკური ბლოკი, მათ შორის საბაჟო რეჟიმიც... ახალი ხელშეკრულება აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის საკითხებს არ ეხება - აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთისათვის ურყევია და ეჭვქვეშ არ დადგება", - ხაზგასმულია სტატიაში
აშშ-ის რადიოსადგურის „ამერიკის ხმის" რუსულენოვანი სამსახურის („გოლოს ამერიკი") მიერ დღეს, 25 აგვისტოს დილით გავრცელდა ვრცელი მიმოხილვა აფხაზეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ (ავტორი ნესტან ჩარკვიანი), რომელშიც ყურადღება ეთმობა არჩევნების სტატისტიკას, ქართველთა დისკრიმინაციის ფაქტს (აფხაზ სეპარატისტთა ხელისუფლებამ მათ ხმის უფლება ჩამოართვა პასპორტების უკანონოდ გაცემის მოტივით), სტამბოლში მომხდარ ინციდენტს (აფხაზთა მიერ უკანონოდ შექმნილი საარჩევნო უბანი თურქეთის პოლიციამ დახურა და საარჩევნო ურნის კონფისკაცია მოახდინა, თუმცა, აფხაზური მხარის ცნობით, არჩევნები მაინც ჩატარდა). პუბლიკაციაში მოცემულია აგრეთვე საქართველოსა და ევროკავშირის რეაქცია, რომლის თანახმად, არჩევნები უკანონოა და საერთაშორის-სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
მასალის გამოყენების პირობები