საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს შემადგენლობის გაზრდის ინიციტივით გამოდის. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემდგომ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით წარმოდგნილ საქართველოს პრეზიდენტის ხედვაში გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ სასურველია უშიშროების საბჭოს შემადგენლობის გაზრდა.
„ვფიქრობთ, გონივრული იქნება უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში მუდმივ წევრებად დაემატონ პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები, აგრეთვე - გენერალური შტაბის უფროსი. ამგვარად, სამი სახელისუფლებო ინსტიტუტის - პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის - წარმომადგენლობა ამ კონსტიტუციურ ორგანოში, მიგვაჩნია, რომ ოპტიმალური იქნება და უშიშროების საბჭოს შემადგენლობა ასე ჩამოყალიბდება: პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვისა და უშიშროებისა, საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, გენერალური შტაბის უფროსი. საჭიროების შემთხვევაში მოწვეული იქნებიან სხვა პირებიც.
ამდენად, ეროვნული უშიშროების საბჭო, ინსტიტუციურად უზრუნველყოფს პრეზიდენტის სამუშაო ურთიერთობას როგორც მთავრობასთან, ისე პარლამენტთან", - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.