უკრაინული გამოიცემა „ფაქტი ი კომენტარიი" აქვეყნებს პუბლიკაციას, რომელშიც განხილულია მსოფლიოს რიგ ქვეყნებში განხორციელებული ჰუმანიტარული ოპერაციების პრაქტიკა და ამ ფონზე ნაჩვენებია რუსული მისიის სავარაუდო ნეგატიური შედეგები უკრაინის უსაფრთხოებისათვის (ავტორი ნატალია ტერეხი).
მასალაში საქართველოზეცაა საუბარი: „საქართველოს მოსახლეობა ყურადღებით ადევნებს თვალს ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და სოციალურ ქსელებში კომენტარებს აკეთებენ. ზოგიერთი დღეს წარსულის ფაქტებს იხსენებს: მაგალითად, თუ როგორ აიძულა 1993 წელს რუსეთმა საქართველო დათანხმებოდა „ჰუმანიტარული დახმარებით" სავსე ავტომანქანების გაგზავნას ქალაქ ტყვარჩელში. შეთანხმება ისეთი იყო, რომ ტვირთი არ უნდა შემოწმებულიყო. აი, სწორედ მაშინ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ ამ მანქანებით აფხაზ სეპარატისტებს დიდძალი იარაღი, საბრძოლო მასალები და არტილერია მიუტანა, რომლებიც აფხაზებმა ჯერ სოხუმის ბლოკირებისთვის, შემდეგ კი მის ხელში ჩასაგდებად გამოიყენეს", - წერს გამოცემა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სხვათა შორის, იმ დროს იარაღის „ჰუმანიტარული მისიით" გაგზავნას სერგეი შოიგუ ხელმძღვანელობდა, (სურათზე - მარცხნიდან მეორე), რომელსაც დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტი უკავია. ამჟამინდელი „ჰუმანიტარული ბადრაგის" გაგაზავნა 21 წლის წინანდელ მოვლენებს გვახსენებს, ავტომანქანებიც კი ერთმანეთს ჰგავს", - ნათქვამია სტატიაში.