ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი თანამედროვე სტანდარტების კომპლექსებითა და ინფრასტრუქტურით შეხვდება, რომლის მშენებლობა 2015 წლის გაზაფხულზე დასრულდება, - მშენებარე ობიექტები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.
მთავრობის მეთაური წერეთლის გამზირზე, მძლეოსნობის სასახლესა და დიღომში, ე.წ. „ახალი თბილისის" ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც 28 ჰექტარზე სპორტის 4 სხვადასხვა სახეობისთვის განკუთვნილი სპორტული მოედანი და ოლიმპიური სტანდარტების აუზი შენდება.
მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პრემიერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვმა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანმა მიაწოდეს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო სპორტული ღონისძიება არასოდეს ჩატარებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ოლიმპიური თამაშების დროს, ერთი კვირის განმავლობაში, საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცევა, ფესტივალი არის საუკეთესო საშუალება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაციისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის.
„მშენებლობა დაგეგმილზე ადრე დასრულდება. ჩვენს ქვეყანაში ჩამოვა ძალიან ბევრი სტუმარი. ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ ეს ტერიტორია, რომელიც ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ადგილია, გახდება „ახალი თბილისი", დედაქალაქს კი ახალი უბანი ექნება. ამავდროულად, აღნიშნული ტერიტორიის ღირებულება იზრდება. აქ იქნება სერიოზული სპორტული ბაზა, მოვამზადებთ ჩემპიონებს და ასევე შენდება ოლიმპიური სტანდარტების აუზი, რომელიც საქართველოში არ არსებობდა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიმდინარე სამუშაოებს პრემიერ-მინისტრი თბილისის მერ დავით ნარმანიასთან ერთად გაეცნო.
ოლიმპიური ფესტივალისთვის შენდება 6 ახალი და რემონტდება 3 არსებული სპორტული ობიექტი; მათ შორის - მძლეოსნობის სტადიონი, ფრენბურთის სასახლე, ტანვარჯიშის სასახლე, აუზი, ტყორცნების მოედანი, ახალი კორტები, ძიუდოს და კალათბურთის სასახლეები.