ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი 47-ე შეხვედრა დასრულდა. შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გოჩა რატიანი სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ დღეს გამართულ შეხვედრაზე ქართული მხარე ელოდა, რომ სასმელი წყლის რეაბილიტაციის საკითხთან დაკავშირებით პოზიტიური ძვრა მოხდებოდა, თუმცა სეპარატისტებმა, ჩვეულებისამებრ ახალი პრობლემები წარმოქმნეს.
„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ წინა შეხვედრაზე დაყენებული ტექნიკური საკითხები, მათ შორის სასმელი წყლის არხის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. გვქონდა მოლოდინი რომ რაღაც სეგმენტში იქნებოდა პოზიტიური გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ მათი მხრიდან ახალი პრობლემები წარმოიქმნა. მათ განაცხადეს, რომ შეიძლება ეს ადგილები დანაღმული იყოს, რაზეც ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი დახმარება და ვნახოთ, ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით და უახლოეს დროში გვაცნობებენ, იმედია",- აცხადებს რატიანი და აღნიშამვს, რომ ამ შეხვედრაზეც, რა თქმა უნდა ქართულმა მხარემ მავთულხლართების გაბმის საკიტხი დააყენა.
„მავთულხლართებზე ჩვეული, ყბადაღებული პასუხი გაგვცეს და განაცხადეს, რომ ეს მათი უსაფრთხოებისათვის კეთდება და ვერაფერი ახალი ვერ თქვეს",- აცხადებს რატიანი. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ განხილულ იქნა ყველა ის ინციდენტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო შეხვედრიდან დღემდე.
საუბარი შეეხო ცხინვალის ციხეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებსაც.
„მათ შორის ბოლოს განხორცილებულ დაკავებებს და ძმებ ფუხაევებთან დაკავშირებულ საკითხსაც. ამ შეხვედრაზე გაირკვა, რომ მათ საკმაოდ მძიმე მუხლები აქვთ წაყენებული",_ აცხადებს სააგენტოსთან საუბარში რატიანი.
წინასწარი შეთანხმებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ერგნეთში სავარაუდოდ სექტემბერში გაიმართება.