„არ არსებობს არავითარი ქართულ აფხაზური რკინიგზის მონაკვეთი" ვინაიდან ეს ტერმინი ერთობლივ კუთვნილებას გულისხმობს. არსებობს აფხაზეთის რკინიგზა რომელიც რესპუბლიკა აფხაზეთის კუთვნილებაა და მასზე არ ვრცელდება მეზობელი საქართველოს იურისდიქცია",_ ნათქვამია ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ე.წ. პოლიტიკური პარტიებისა და ე.წ. საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
„20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს მიერ წარმოებული აგრესიული პოლიტიკის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის გავლით ბლოკირებულია სარკინიგზო მიმოსვლა. რუსულ და აფხაზურ მხარეს არაერთგზის დაუყენებიათ საკითხი ტრანზიტის აღდგენის შესახებ აფხაზური რკინიგზის გავლით, თუმცა დღემდე ეს საკითხი გადაუჭრელია. ცხადია, რომ საქართველო და მისი დასავლელი მოკავშირეები შეგნებულად უშლიან ხელს კავკასიის რეგიონის საკომუნიკაციო დეიზოლაციას, კერძოდ სომხეთისას.
საკოორდინაციო საბჭო, გავრცელებულ განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს რომ „არ არსებობს არავითარი „ქართულ-აფხაზური რკინიგზის მონაკვეთი" და ყველას სთხოვს ტერმინოლოგიის საკითხებს ყურადღებით მიუდგნენ".