ბოლო 6 კვირის მანძილზე ბენზინის საერთაშორისო ფასი საინფორმაციო ბიულეტენის ”პლაცის” (PLATT’S) მიხედვით 119 დოლარით გაიზარდა. 12 თებერვალს ბენზინის საერთაშორისო ფასი ტონაზე 642,25 დოლარს შეადგენდა, 17 თებერვალს - 676 დოლარს/ტონაზე. დღეისათვის ფასმა 761 დოლარს მიაღწია, რაც 18,5% აღემატება 12 თებერვლის მაჩვენებელს.
ნედლი ნავთობის ფასთა დინამიკაც ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა და მისმა ფასმა ამავე პერიოდში 69 აშშ დოლარიდან 80 აშშ დოლარამდე მოიმატა.
ნავთობსექტორში წარმოდგენილი მსხვილი ტრანსნაციონალური და ადგილობრივი კომპანიები დაახლოებით 10-20 დღის ინტერვალით (ინტერვალები დამოკიდებულია მომწოდებელ ქვეყანაზე) ახდენენ იმპორტს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდის ტენდენცია შეინიშნება, საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე საწვავის ფასის კორექტირება ბოლოს მიმდინარე წლის 15 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისათვის ყველა კატეგორიის საწვავის ფასი 5 თეთრით შემცირდა.
ფასების შენარჩუნების საშუალება კომპანიებს არსებული მარაგების საფუძველზე მიეცათ, რომელიც ამჟამად ფაქტიურად უკვე ამოწურულია. შესაბამისად, სავარაუდოდ, საქართველოს ნავთობსექტორში მოღვაწე კომპანიებს საწვავზე ფასების უმნიშვნელო მომატება მოუწევთ.