დღეს, ფინანსთა სამინისტროში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ევა შრეიბერმა და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დიმიტრი გვინდაძემ ხელი მოაწერეს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის გრძელვადიანი სესხის სახით საქართველოსთვის 80 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ ხელშეკრულებას. ცერემონიას ასევე დაესწრო ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური.
როგორც ფინანსთა სამინისტროში აღინიშნა, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ერთმანეთთან დააკავშირებს საქართველოსა და თურქეთს, სტიმულს მისცემს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას და ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას.
„ეს ბანკი არის ევროკავშირის ბანკი, რომელიც აფინანსებს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ევროკავშირის შიგნით და იმ ფაქტს, რომ ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოსულია საქართველოში და ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას, აქვს როგორც ეკონომიკური ისე მკაფიო პოლიტიკური მნიშვნელობა. აღნიშნული პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით შეადგენს 268 მლნ ევროს. საქართველოში ამ ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობას ასევე იღებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), რომელთანაც ცოტა ხნის წინ გავაფორმეთ სასესხო ხელშეკრულება 80 მლნ ევროზე, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (Kფჭ), რომელიც გამოყოფს 100 მლნ ევროს და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტიციის ფონდი 8 მლნ ევროს გრანტით პროექტის მოსამზადებელი სამუშაოებისათვის. აპრილის პირველ ნახევარში მთლიანად შეიკვრება ეს რესურსი და მოხმარდება პროექტის რეალიზაციას. პროექტი აქტიურ ფაზაში შევა 2010 წლის განმავლობაში და სავარაუდოდ, დასრულდება 2012 წლისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხდა დიმიტრი გვინდაძემ.
აღნიშნული პროექტის გარდა, EIB-სთან მიმდინარეობს მუშაობა, სარკინიგზო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ მიმართული ახალი საინვესტიციო პროექტების წამოწყებაზე, ასევე საქართველოს კერძო სექტორის შედგომ განვითარებასთან დაკავშირებული გეგემების შემუშავებაზე.
შეგახსენებთ, რომ სასესხო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია შედგა საქართველოში EIB-ს დელეგაციის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, რომლის მიზანიც საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა იყო.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ოქტომბერში ბრიუსელში ჩატარებული საერთაშორისო დონორთა კონფერენციის ფორმატში EIB-ს მთლიანმა დაპირებამ საქართველოსთვის მხარდაჭერის გამოყოფაზე დაახლოებით 250 მილიონი ევრო შეადგინა, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მიმდინარეობს თანმიმდევრული მუშაობა, აღნიშნული დახმარების გაფორმების კუთხით.
მასალის გამოყენების პირობები