დღეს, 26 მარტს, შვედეთის აუდიტორული ოფისის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი დასრულდება.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი შვედეთის აუდიტორული ოფისის დელეგაცია და მისი თავმჯდომარე იან ლანდალი პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ მიიღო. შეხვედრას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის აუდიტორულ ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ისაუბრეს, რომელსაც ხელი დღეს მოეწერება.
ამასთან, განიხილეს საქართველოს კონტროლის პალატის განვითარების სამომავლო პერსპექტივები. მემორანდუმის თანახმად, შვედეთის სახელმწიფო საქართველოს კონტროლის პალატას 7 მილიონ შვედურ კრონს გამოუყოფს. დახმარება ითვალისწინებს კონტროლის პალატაში ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიისა და კადრების განვითარების სისტემის დანერგვას, აუდიტის პროცესში პროგრამული ტექნოლოგოების გამოყენებას და სხვა საკითხებს. კონტროლის პალატის რეფორმების პროცესი მთლიანად მხარდაჭერილი იქნება შვედეთის აუდიტორული ოფისის მხრიდან.
2012 წლისთვის კონტროლის პალატის სისტემა მთლიანად დასავლურ სტანდარტებზე გადავადა და სადამსჯელო სისტემას აუდიტის სისტემა ჩაანაცვლებს.