„თუ სასწრაფო ზომები არ გავატარეთ საერთაშორისო დონეზე მალე ჩვენ გვექნება არა მავთულხლართები ცხინვალის რეგიონთან და ადმინისტრაციული საზღვარი, არამედ ეს იქნება რუსეთის სახელმწიფო საზღვარი თავისი კედლით",_ აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია.
სააგენტო „ჯი-ეიჩ ენთან" საუბრისას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერის ანატოლი ბიბილოვის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.
"რეალური ქმედებები დაიწყო სურკოვის ჩამოსვლის შემდეგ. დღეს სურკოვი იმყოფება სოხუმში და მიდის იქ გარკვეული მოლაპარაკებები. სოხუმში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მზადდება და სავარაუდოდ, ჩვენ სურკოვისა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს ხაჯიმბას ე.წ. პრეზიდენტად ვიხილავთ. სწორედ ის დაიწყებს იმ გეგმის განხორციელებას რა გეგმის განხორციელებაც დღეს ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ ცხინვალის რეგიონისა ანატოლი ბიბილოვმა დაიწყო.
საუბარი არის ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რეფერენდუმის ჩატარებას, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. ორი ოსეთის გაერთიანებას, ინტეგრაციას და რუსეთთან მიერთებას",_ აცხადებს დავითაია და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს არ შემოიფარგლოს მხოლოდ განცხადებების კეთებით და ამ საკითხის განხილვა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით საერთაშორისო დონეზე გაიტანოს.
დავითაიას თქმით, ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების საკითხი განხილულ უნდა იქნეს გაეროს უშიშროების საბჭოსა და ევროპარლამენტში.
„დღეს მთავრობის წევრების მხრიდან და კეთდება განცხადებები, რომ ეს არაფერი არ არის და ეს მოსალოდნელი იყო. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მოსალოდნელი არის 90 -იანი წლებიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს აგრესია, რომელიც გამუდმებით ხორციელდება.
ჩვენ თუ ასე დამშვიდებით მხოლოდ ვილაპარაკეთ, რომ ეს მოსალოდნელი იყო და არალეგიტიმურია, ამის შედეგი იქნება ის, რომ ჩვენ ტერიტორიებს დავკარგავთ.
როდესაც პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ რუსეთი არ აპირებს ანექსიას, ამით მან მწვანე შუქი აუნთო რუსეთს ამ ნაბიჯებისაკენ. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ეს მათი გადასაწყვეტი არ არის, ეს არის ცხინვალის და სოხუმის, მთელი ქართველი ერის საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტი. ყველას აქვს უფლებამოსილება ამ საკითხებში ჩაერიოს როდესაც საქართველო ტერიტორიებს კარგავს.
მოვუწოდებ მათ, რომ სასწრაფო ზომები განახორციელონ საერთაშორისო დონეზე, სასწრაფოდ მოხდეს ამ საკითხის გატანა და დაყენება ჩვენი მოკავშირეების მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში, ეს საკითხი უნდა დადგეს ევროპარლამენტში, სასწრაფოდ უნდა იქნეს მიღებული ზომები ზეწოლის განხორციელებისა რუსეთზე. აუცილებლად წინ უნდა წამოიწიოს თემამ ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით, რომ რეფერენდუმის ჩატარება არ არის კანონიერი არა მარტო იმიტომ, რომ იქ სეპარატისტები არიან, არამედ იმიტომ, რომ ძირითადი მოსახლეობა არს დევნილი და ის ვერ გამოხატავს თავის ნებას.
ღონისძიებების მთელი კომპლექსია გასატარებელი იმისათვის რათა სიტუაცია შემდგომში უფრო არ დამძიმდეს",_ აცხადებს დავითაია და აღნიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მალე ცენტრალური გზატკეცილიდან 100 მეტრში ექნება რუსეთის სახელმწიფო საზღვარი.
„წინააღმდეგ შემთხვევაში შემდგომი ნაბიჯი უკვე იქნება ის, რომ ჩვენ გვექნება არა მავთულხლართები ცხინვალის რეგიონთან არამედ თბილისი-ზუგდიდის გზატკეცილიდან დაახლოებით 100 მეტრში ჩვენ გვექნება რუსეთის სახელმწიფო საზღვარი თავისი კედლით.
ამას მიიღებს საქართველოს მთავრობა და ეს ქვეყანაში სერიოზულ ბიძგებს გამოიწვევს.
რეალურად ვდგავართ იმის წინაშე, რომ თბილისის შემოსასვლელში რუსეთის სახელმწიფო საზღვარი მივიღოთ", _ აცხადებს დავითაია.
მისივე თქმით, მთელი ეს პროცესი მიმდინარე წლის შემოდგომისათვის უნდა დასრულდეს.
„ამ ეტაპზე საუბარი არის ცხინვალზე, მაგრამ რუსეთი დაელოდება სიტუაციას აფხაზეთში, კერძოდ, არჩევას ე.წ. პრეზიდენტის 24 აგვისტოს. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ აფხაზეთში პასპორტები, რომლებიც გასცეს ქართულ მოსახლეობაზე გამოაცხადეს უკანონოდ. რეალურად ეს იქნება ეთნიკური წმენდისა და იქიდან ქართული მოსახლეობის გამოყრის წინაპირობა.
დაახლოებით, ეს იქნება ოქტომბრის თვეში და ამ პერიოდში აფხაზეთში გადატეხავენ სიტუაციას, ცხინვალში რეფერენდუმი უკვე ჩატარებული იქნება, აფხაზეთშიც შეეცდებიან მოახერხონ და სადღაც შემოდგომაზე მე ვფიქრობ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იქნება",_ აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.