საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი ბათუმში იმყოფებოდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძესთან ერთად დღეს იგი აჭარის საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას ეწვია.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც ასოციაციის წევრი უცხორი კომპანიის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი კომპანიები.
აჭარის საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და მასში უკვე 20-ზე მეტი ის უცხოური კომპანიაა გაერთიანებული, რომლებიც აჭარის რეგიონში სერიოზულ საინვესტიციო პროექტებს ახორციელებენ ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებში.
დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი აჭარის რეგიონში განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებს, თავისუფალი ვაჭრობისა და ექსპორტის, პროდუქციის წარმოშობის სერთიფიცირებისა და დასაქმების საკითხებს, ასევე რეგიონის საბანკო სფეროში არსებულ მდგომარეობას შეეხო.
"მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ინვესტორებს, დავეხმაროთ მათ კონკრეტული პროექტების განხორციელებაში და არსებული პრობლემების მოგვარებაში. აჭარის რეგიონში საკმაოდ დიდი პროექტები ხორციელდება, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო ამ რეგიონის, არამედ მთლიანად ქვეყნის განვითარებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია დედაქალაქსა და რეგიონს შორის მუდმივი კომუნიკაცია და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ინვესტიციების განხორციელება", - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
პოლოლიკაშვილმა დეტალურად ისაუბრა ექსპერიმენტალურ პროექტზე "დაბრუნება საქართველოში", რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში ქართული დიასპორის ჩართვას ითვალისწინებს. აღნიშნულ პროექტს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად ახორციელებს.
შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალსი ბათუმში ერთიანი საინვესტიციო ცენტრი გაიხსნება, რომლის ინიციატორებიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საინვესტიციო სააგენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არიან.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ პოლოლიკაშვილმა და ვარშალომიძემ "კემპინსკის", "რედისონისა" და "ჰიუტონის" მშენებარე სასტუმროები დაათვალიერეს. 22-სართულიანი სასტუმრო "რედისონის" მშენებლობა 2010 წელს დასრულდება, 15-სართულიანი "კემპინსკის" კი _ 2013 წელს.