ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, რიგით 28-ე რაუნდი იმართება.
საქართველოს დელეგაციას ტრადიციულად უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - დავით ზალკალიანი. ამ რაუნდს პირველად დაესწრება სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის ახალი სპეციალური წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერი.
საქართველოს დელეგაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს მკაცრ პროტესტს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით. ყურადღება დაეთმობა უკანონო დაკავებების პრაქტიკას და უკანასკნელ პერიოდში რუსული სამხედრო ვერტმფრენების მიერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებს.
მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს დელეგაცია კვლავ დააყენებს საკითხს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობის თაობაზე, ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამუშავების აუცილებლობას. მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილული იქნება ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები.