აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ „ყველა პასპორტი, რომელიც გალის, ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონებში შექმნილი კომისიების რეკომენდაციის შედეგად გაიცა უკანონოა, ვინაიდან უკანონო იყო თავად კომისია და ამის შესახებ ნათქვამია პასპორტიზაციის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებებში".
„იცოდნენ, რომ გალის რაიონის მცხოვრებთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა, რასაც თავად მათ მიერ მიცემული ჩვენებები და მასალები ადასტურებს",_ აცხადებს რაულ ხაჯიმბა და აღნიშნავს, რომ 25-26 ათასი პასპორტის საკითხი ასე უნდა იდგეს:
„ადამიანთა ამ კატეგორიას არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღონ ხმის მიცემის პროცედურაში საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მანამ ვიდრე არ იქნება გარკვეული საკითხები, რომლებიც პასპორტების გაცემის დროს გამოვლენილ უუხეშეს დარღვევებთან არის დაკავშირებული",_ განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.
მან აღნიშნა, რომ ის პირები რომლებმაც ეს დოკუმენტები მიიღეს აფხაზეთში ცხოვრებას გააგრძელებენ.
„ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ჩვენთან ერთად ეს სახელმწიფო უნდა ააშენონ, მაგრამ მათი სამართლებრივი სტატუსი ჩვენი კანონების მიხედვით უნდა იყოს განსაზღვრული",_ აცხადებს რაულ ხაჯიმბა და აღნიშნავს, რომ კანონიერად ჩაითვლება მხოლოდ ის პასპორტები, რომლებიც „ადგილობრივ ადმინისტრაციებთან არსებული კომისიების შექმნამდე იყო გაცემული".