რუსეთის დუმის თავმჯდომარე ბორის გრიზლოვი აცხადებს, რომ რუსეთი თავს იკავებს ". სიკვდილით დასჯით შესახებ მეექვსე ოქმის რატიფიკაციისაგან. ამის მიზეზად გრიზლოვმა რუსეთისათვის ჯერ კიდევ არსებული ტერორისტული საფრთხეები დაასახელა, თუმცა ამ საფრთხეების დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა _ იუწყება რუსული მედია.
"ცნობილი გარემოებები ჩვენ ამის საშუალებას არ გვაძლევს _ ეს საკითხი დაკავშირებულია შენარჩუნებულ ტერორისტულ აქტიურობასთან რუსეთში", _ განაცხადა გრიზლოვმა.
მისივე თქმით, სიკვდილით დასჯის შესახებ მეექვსე ოქმის რატიფიკაციის შესახებ ევროპაში ყველაზე ხშირად ეკითხებიან რუსეთის წარმომადგენლებს.
"მართლაც ჩვენ არ მოგვიხდენია მეექვსე ოქმის რატიფიკაცია, თუმცა ეს საკითხი სხვანაირად წყდება და მთავარია, რომ წყდება", _ განაცხადა გრიზლოვმა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაცია 1996 წელს ევროსაბჭოს წევრი გახდა და ამ ორგანიზაციის წევრობის ერთ-ერთი მთავარი პირობა სიკვდილით დასჯის გაუქმება იყო. სიკვდილით დასჯის ბოლო განაჩენი რუსეთში სისრულეში 1996 წლის აგვისტოში იქნა მოყვანილი. 1997 წლის აპრილში რუსეთმა ხელი მოაწერა, ევროპული კონვენციის მეექვსე ოქმს, თუმცა მისი რატიფიკაცია არ მოახდინა. რუსეთს ამ ოქმის რატიფიკაცია 1999 წლის მაისამდე უნდა მოეხდინა, მაგრამ ეს ამ დრომდე არ გააკეთა.
ამის ნაცვლად 1999 წლის თებერვალში რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 2010 წლამდე, სასჯელის ამ უმაღლესი ზომის მიმართებაში მორატორიუმი შემოიღო, ანუ მანამდე ვიდრე რუსეთის მთელს ტერიტორიაზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები დაიწყებს ფუნქციონირებას.
ნოემბრის ბოლოს, კი რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რუსეთის უმაღლესი სასამართლოს სარჩელის მიხედვით, განმარტა, რომ მორატორიუმი 2010 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება ანუ მანამ ვიდრე ჩეჩნეთში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ფუნქციონირებას არ დაიწყებს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ნორმატიულ დოკუმენტებში სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის ზომა დღემდე არსებობს. მორატორიუმის გაუქმება კი რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვის მანიშნებელი იქნება. სწორედ ამ მიზეზის გამო, რუსეთის ფედერაციის ევროკავშირიდან გარიცხვის საკითხი უკვე ორჯერ დადგა _ 2005 და 2006 წლებში.
ცნობისათვის: _ სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის უმაღლესი ზომა რუსეთის ფედერაციაში გამოიყენება 18 დან 65 წლამდე მამაკაცების მიმართ. რუსეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არის 15 მუხლი, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
მუხლი 105 _ "მკვლელობა". მუხლი 277 _ "სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის სიცოცხლის ხელჰყოფა". მუხლი 295 "იმ ადამიანის სიცოცლის ხელჰყოფა, რომელიც მართლმსაჯულებას ან წინასწარ გამოძიებას აწარმოებს". მუხლი 317 "სამართალდამცავი ორგანის თანამშრომლის სიცოცხლის ხელჰყოფა". მუხლი 357 "გენოციდი".
რუსული მედიის ინფორმაციით, გასული წლის ბოლოსათვის რუსეთში სამუდამო პატიმრობა მისჯილი ჰქონდა 660 ადამიანს, ხოლო სიკვდილით დასჯა, სამუდამო პატიმრობით 697 ადამიანს შეეცვალა.