აფხაზეთში განვითარებული მოვლენები , შესაძლოა, დამღუპველი იყოს, - ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის თანამდებობიდან გადამდგარი დე-ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის მიმართვაში აფხაზეთის მოსახლეობისადმი, სადაც ის გადადგომის შესახებ საუბრობს.
მიმართვაში ნათქვამია, რომ სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსახლეობის უმეტესობისთვის მიუღებელია და "პარლამენტის" გადაწყვეტილებაც კანონთან შესაბამისობაში არ არის, ალექსანდრე ანქვაბმა თანამდებობის დატოვების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
"ხელისუფლებამ სცადა, მოლაპარაკებები ეწარმოებინა ოპოზიციასთან, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო ხელმძღვანელობს, მაგრამ ამან კომპრომისულ გადაწყვეტილებამდე ვერ მიგვიყვანა. მე და ჩემ კოლეგებს გვესმის, რომ შეთანხმების მიღწევის ამოცანა მათ არ ჰქონიათ. მათ ამის სრულიად საწინააღმდეგო მითითება ჰქონდათ", - აცხადებს ანქვაბი და აღნიშნავს, რომ მისი, როგორც სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი მეთაურისთვის, მთავარია სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნება და სისხლისღვრის აცილება. სისხლისღვრის საფრთხე მაღალია.
"ხელისუფლებისთვის იბრძვიან ძალები, რომლებიც არაფერზე უკან არ დაიხევენ საკუთარ ამბიციებს თანამოქალაქეების სიცოცხლეს და აფხაზეთის თავისუფლებასაც შესწირავენ".
"ალექსანდრე ანქვაბისთვისთვის თანამდებობა, მათ შორის პრეზიდენტის, არ წარმოადგენს უმაღლეს ღირებულებას. მე არ შემეძლო მოვცქეულიყავი ისე, როგორც ოპონენტები. პირველივე დღეებიდან თქვენ ხედავთ, რა აინტერესებს ოპოზიციას - კაბინეტების დაკავება, მაგრამ ეს აისბერგის მხოლოდ ხილული ნაწილია. არანაირ რეფორმებზე საუბარი არ არის. მათი ინტერესების მადა ყოველდღიურად გაიზრდება. და ამ მადის უკან იმალება გაცილებით მეტი - საფრთხე აფხაზეთის სახელმწიფოებრიობისთვის. ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ადვილია დაკარგო ჩვენთვის ყველაზე წმინდა, სასიცოცხლო სივრცე - აფხაზეთი შესაძლოა აღარ იყოს", - აცხადებს ანქვაბი.
ამასთან იგი დარწმუნებულია, რომ მასზე თავდასხმის უკან დგანან ის ძალები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს ოპოზიციას, მათ შორის, მატერიალურად. მისივე თქმით, სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ამ საქმეზე დაკავებული ტერორისტების გათავისუფლება.