აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი აფხაზური ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ის არსად წასულა, აფხაზეთშია და ყველაფერს აკეთებს ვითარების სტაბილიზაციისათვის. მისი თქმით, მიტინგის მსვლელობისას ე.წ. რთული ფაზის შემდეგ მასთან ადმინისტრაციაში ოპოზიციური საბჭოს, ფაქტობროვად ყველა კოორდინატორი -რაულ ხაჯიბმა, ახრა ბჟანია და სხვები მივიდნენ და კატეგორიულად ითხოვდნენ მის გადადგომას.
„ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს თუ როგორ მოგვეხდინა შექმნილი დაძაბული მდგომარეობის განმუხტვა. მათი მხრიდან იყო კატეგორიული მოთხოვნები ჩემი გადადგომის შესახებ. განხილვები პერიოდულად წყდებოდა ხან მათი ხანაც ჩვენი თხოვნით და როდესაც მათ ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვეთ გარკვეული საკითხების განხილვა დახურულ კარს მიღმა მოგვეხდინა, ისინი ხისტად გატრიალდნენ და ქვემოთ, თავიანთ მომხრეებთან ჩავიდნენ. ამის შემდეგ ფაქტობრივად შენობის შტურმი დაიწყო. მათ გაეწიათ წინააღმდეგობა. მე არსად წავსულვარ. აფხაზეთში ვარ. უშიშროების საბჭოს წევრებთან ერთად მოვლენათა განვითარების სხვა და სხვა ვარიანტს განვიხილავთ",_ აცხადებს ანქვაბი და აღნიშნავს, რომ ადამიანების დიდი ჯგუფი, შეიარაღებულები აფხაზეთის ტელევიზიის შენობაშიც შეიჭრა და ფაქტობრივად აიღო იგი.
„იურიდიულად ყველაფერი მომხდარი სახელმწიფო გადატრიალებაა და სხვა არაფერი",_ აცხადებს ანქვაბი.
მისივე თქმით, ამჯამად უშიშროების საბჭოს წევრები მუშაობას აგრძელებენ, ხოლო ძალოვნები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის რათა სიტუაცია სტაბილურობის ნიშნულს მიუახლოვდეს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვლენები კანონიერების ფარგლებში განვითარდეს. სხვა გზა უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს",_ განაცხადა ანქვაბმა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში მოქმედმა ოპოზიციამ ე.წ მთავრობის სახლი დაიკავა და ალექსანდრე ანქვაბის, მისი ე.წ. მთავრობის, ე.წ. გენერალური პროკურორის და აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონების ხელმძღვანელების გადადგომა მოითხოვა.
მასალის გამოყენების პირობები