ოკუპირებულ აფხაზეთისა და თურქეთის ერთ-ერთ ქალაქს შორის დამეგობრების ხელშეკრულება მზადდება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. საუბარი ეხება აფხაზეთის ქალაქ გუდაუთასა და თურქეთის პროვინცია ბალიკესირის ქალაქს ბანდირმას შორის მეგობრობის ხელშეკრულების გაფორმებას.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში კერძო ვიზიტით იმყოფება ქალაქ ბანდირმას მერი დურსუნ მირზა. ის აფხაზეთის ქალაქებსა და რაიონებს მოინახულებს.
„დურსუნ მირზა უკვე იმყოფებოდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც უნივერსიტეტის რექტორს ალეკო გვარამიას შეხვდა", _ წერს აფხაზური მხარე.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ მხარეთა შორის შეთანხმების პროექტის შეთანხმების შემდეგ გუდაუთის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლები თურქეთში ჩავლენ და „ორმხრივ შეთანხმებას იქ მოაწერენ ხელს".
ამას გარდა, ივნისის პირველ რიცხვებში ქალაქ ბანდირმაში ტარდება ფოლკლორული ფესტივალი, რომელზეც აფხაზი მსახიობებიც მიიწვიეს.
ბანდირმა - არის ქალაქი და პორტი მარმარილოს ზღვაზე. მოსახლეობის რაოდენობა იქ 140 ათას ადამიანს შეადგენს.