ოკუპურებულ აფხაზეთსა და იტალიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებებისა და ოქმების გაფორმებებმა სულ უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო. ამ დროისათვის ამგვარი ხელშეკრულებები და ოქმები უკვე გაფორმებულია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ოთხ ქალაქთან.
ამას გარდა, სეპარატისტები სულ უფრო და უფრო ხშირად მასპინძლობენ იტალიური ბიზნესის წარმომადგენლებს და თავადაც ახორციელებენ ვიზიტებს ამ ქვეყანაში. მათ შორის ფორმდება ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებებიც.
ამჯერად, გაგრისა და სარდინიის ქალაქ სოროკის შემდეგ, იტალიის ქალაქ სან-ანტიოკოში ქალაქებს სან-ანტიოკოსა და სოხუმს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ოქმი გამფორმდა. ანალოგიური „მეგობრობისა და თანამშრომლობის" ოქმები გაფორმდა ქალაქ სან-ჯოვანი სუერჯუსა და ქალაქ ბიჭვინთას შორის, ქალაქ კაზალეტტოსა და ახალ ათონს შორის.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზური მხრიდან შესაბამის ოქმებს ხელი დასახელებული ქალაქების ე.წ. ადმინისტრაციების ხელმძთვანელებმა მოაწერეს იტალიური მხრიდან კი იტალიური ქალაქების მერებმა.
აღსანიშნავია, რომ ახლახანს, 7 მაისს გაგრაში სარდინიელ ბიზნესმენებსა და რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ოქმი გაფორმდა.
ოქმის გასაფორმებლად იტალიელი სტუმრები ოკუპირებულ აფხაზეთში იყვნენ ჩასულნი. აფხაზური მხარის ინფორმაციით, „გაგრის რაიონის ადმინისტრაციაში მეგობრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ოქმს ხელი სარდინიის წარმომადგენელმა, შპს „ფაროს"-ის გენერალურმა დირექტორმა როკკო მელონიმ (იტალია) და გაგრის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გრიგორი ენიკმა მოაწერეს".
მანამდე, ერთი წლის წინ გაგრასა და სარდინიის ქალაქ სოროკის ადმინისტრაციას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. „ამჯერად, კი იტალიელი ბიზნესმენები უკვე თავად ჩამოვიდნენ აფხაზეთში",_ წერს აფხაზური მედია და აღნიშნავს, რომ თანამშრომლობა ეხება სოფლის მეურნეობის, საკურორტო და სარესტორნო ბიზნესის სფეროებს, იტალიური პროდუქციის იმპორტს და აფხაზური პროდუქციის ექსპორტს.