სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ფეხბურთის განვითარების სტრატეგიის პროექტი გამოქვეყნდება. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ყიფიანმა განაცხადა აღიშნული დავალება პრემიერ-მინისტრისგან დღეს მიიღო.
"მინდა სპეციალური განცხადება გავაკეთო ჩვენი საზოგადოებისთვის. ბოლო ხანებში გახშირდა სპეკულაციები ფეხბურთთან, კერძოდ გუნდების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. მოგახსენებთ, ეს საკითხი განხილულ იქნა მთავრობის სხდომაზე და პრემიერ-მინისტრისგან მივიღე სპეციალური დავალება, რომ უახლოეს ხანში წარმოდგენილი იქნება ფეხბურთის განვითარების პროექტი, რომელზეც შესაბამისი კომისია მუშაობს. ამიტომ სპეკულაციები, რომლებსაც იყენებენ სხვადასხვა გუნდის, ფედერაციის წარმომადგენლები არის მხოლოდ ლაპარაკი. ყველას ვთხოვთ, მოთმინებით დაელოდონ პროექტს გამომზეურებას, რომელიც უახლოესი კვირეების განმავლობაში გამოქვეყნდება. ამიტომ სპეკულაციები, რომლებიც არის გუნდების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით სინამდვილეს არ შეეფერება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიპოვოთ ის სწორი გზა, რომელიც აუცილებელია ამ დარგის განვითარებისთვის", - განაცხადა ლევან ყიფიანმა.
მინისტრი ზიუდოისტების მპთხოვნას გამოეხმაურა, რომელებიც სავარჯიშო დარბაზის გამოყოფას ითხოვენ.
"სავარჯიშო პირობების შექმნას რაც შეეხება, ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა და 11 ახალი სავარჯიშო დარბაზი შენდება ქვეყნის მასშტაბით. სანაკრებო დარბაზი კი ახლა რემონტის პროცესშია, რომელზეც მერია მუშაობს და რამდენიმე ხანში ისიც მწყობრში იქნება. ასე რომ, ჩვენ ვფიქრობთ მთლიანად ძიუდოს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაც მოკლე დროში მოგვარდება", - განაცხადა ყიფიანმა.