საქართველოს შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ზუგდიდის განყოფილების, ზუგდიდის რაიონული სამმართველოსა და წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღების მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და გასაღების ფაქტზე მხილებული და დაკავებულია 23 პიროვნება. აგრეთვე დაკავებულია, იარაღების მაღაზიის მეპატრონე ინდმეწარმე, 1975 წელს დაბადებული გოგი ზაურის ძე ჩომახია და 1966 წელს დაბადებული ნესტან კარლოს ასული წულაია.
ნესტან წულაია ზემოთაღნიშნულ დაკავებულებთან შედიოდა დანაშაულებრივ კავშირში და მათი გამოყენებით, ქ.ზუგდიდში მდებარე იარაღის მაღაზიაში უკანონოდ ყიდულობდა ცეცხლსასროლ იარაღს შემდგომში რეალიზაციის მიზნით, გადაჰქონდა რუსების მიერ კონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიაზე.
დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით გამოძიებას აწარმოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო.
აღსანიშნავია, რომ ჯერ ჯერობით უცნობია თუ რა რაოდენობის იარაღი ჰქონდათ ამ ადამიანებს შეძენილი და გადატანილი სეპარატისტებისა და რუსი ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. თუმცა ცნობილია რომ აღნიშნული მაღაზია 2009 წლიდან მუშაობდა. 23- ვე ადამიანისათვის წაყენებული ბრალდება ერთი და იგივე შინაარსისაა და 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა გამოძიების დასრულებამდე არ არის გამორიცხული, რომ გოგი ჩომახიას და ნესტან წულაიას დაუმძიმდეთ დანაშაული და მათ სახელმწიფო ღალატში დასდონ ბრალი.