დღეს, 1 აპრილს, 16 საათზე, ისტორიაში პირველად, დაბა სტეფანწმინდაში გაიმართება საქართველოს რაგბის კავშირის ა ლიგის ჩემპიონატის შეჯიბრი და „ყაზბეგის ზვავი" თბილისის გუნდს უმასპინძლებს.
აქამდე ყაზბეგის რეგიონს არ ჰყოლია ოფიციალური გუნდი არა მარტო რაგბიში, არამედ სპორტის არცერთ სახეობაში. "ყაზბეგის ზვავი" პირველი გუნდია, რომელიც სტეფანწმინდაში დაახლოებით 1 წლის წინ დაფუძნდა და დღესდღეობით უკვე 120 წევრი ჰყავს.
გუნდს შექმნის საინტერესო ისტორია აქვს. მისი დღევანდელი წარმატება დიდწილად ახალგაზრდა ბესო შენგელიას ძალისხმევის შედეგია. ის თავისი ინიციატივით თბილისიდან ყაზბეგში ახალგაზრდების დასახმარებლად ჩავიდა და სხვადასხვა ასაკის ბავშვებისა და მოზარდების შეგროვება და მათი ვარჯიში დაიწყო. პარალელურად, მათ მათემატიკასა და ინგლისურსაც ასწავლიდა.
აღსანიშნავია, რომ ბესო შენგელიაზე სიუჟეტი ჟურნალისტმა გოდერძი შარაშიამ გადაიღო და ბესო 2013 წლის „იმედის გმირების" გამარჯვებული გახდა.
შეჯიბრს ყაზბეგში სხვა სტუმრებთან ერთად სპორტის სამინისტროს, რაგბის ფედერაციის, კომპანია „რედ ბულის" და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.