ხვალ, 25 მარტს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებათა რიგით 27-ე რაუნდი გაიმართება. აფხაზური მხარის ინფორმაციით, აფხაზურ დელეგაციას ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა უხელმძღვანელებს.
„დისკუსიები ორი სამუშაო ჯგუფის ფორმატში წარიმართება - უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების. უსაფრთხოების ჯგუფში, აფხაზური მხარე კვლავ აპირებს ყურადღება გაამახვილოს იურიდიულად სავალდებული თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაზე საქართველოსთან",_ წერს აფხაზური მხარე.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპზე დისკუსიის მონაწილენი ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივ შეთანხმებაზე მუშაობენ, რომელსაც „იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს".
შეხვედრის ამ რაუნდზე ასევე ისაუბრებენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების გალის შეხვედრების განახლების საკითხზე.