ქართველმა მოცურავემ ჰენრი კუპრაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძლიერი ნებისყოფის ადამიანია. დღეს ფინეთის ქალაქ როვანიემში მიმდინარე მე-9 მსოფლიო ჩემპიონატზე 67 წლის კუპრაშვილმა შეჯიბრების დაწყებამდე ერთი საათით ადრე მოთელვაზე ტრავმა მიიღო - სირბილის დროს მოყინულ ბილიკზე მას შემთხვევით შეეჯახა ერთერთი მამაკაცი, ორივენი დაეცნენ და ბატონმა ჰენრიმ მარცხენა ხელის ტრავმა მიიღო, იუწყება
www.worldsport.ge
„მიუხედავად ექიმების რჩევისა, რომ თავი შეეკავებინა ცურვისგან, კუპრაშვილმა ერთ საათის შემდეგ მაინც იასპარეზა ჩემპიონატის ოფიციალურ შეჯიბრში - კროლით ცურვაში 50 და 25 მეტრიან დისტანციებზე 65-69 წლამდელთა ასაკობრივ ჯგუფში. 50 მეტრიან დისტანციაზე ტრავმირებულმა უპრაშვილმა მე-8 ადგილი დაიკავა - იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოდ და პირადად ბატონი ჰენრი პირველად მონაწილეობენ ამ მასშტაბურ ჩემპიონატში, ეს ნორმალური შედეგია. 25 მეტრიან დისტანციაზე კი ბატინმა ჰენრიმ მე-12 ადგილი დაიკავა.
ბატონ ჰენრის ასპარეზობის დროს აქტიურად ქომაგობდა რამდენიმე ქვეყნის გულშემატკივარი, მწვრთნელები და სპორტსმენები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ლატვიის და ფინეთის სპორტული დელეგაციების და ფანების მხარდაჭერა - მათ დიდი სიმპატიები გამოხატეს ტრავმირებული კუპრაშვილის მიმართ. ისინი სკანდირებდნენ "ჯორჯია, ჯორჯია!". ტრავმირებულ ბატონ ჰენრის აქტიურად ქომაგობდნენ ასევე რუსეთის სპორტული დელეგაციის წევრები, რომლებიც დიდი ხანია იცნობენ მას საერთაშორისო ტურნირებიდან.
ამ სტრიქონების ავტორი ლატვიელ სტუმრებთან ერთად კი მეგაფონით, შეძახილებით და ბანერით "Georgia, Sokhumi" მხარს უჭერდა ბატონ ჰენრის გამოსვლას. აქ მყოფმა რამდენიმე ქვეყნის ფოტოკორესპონდენტმა და ვიდეოოპერატორმა დააფიქსირა ის, თუ როგორ უჭერდნენ ფანები მხარს ბატონ ჰენრის", - წერს www.worldsport.ge-სთვის როვანიემიდან თენგიზ პაჭკორია.
Photo www.worldsport.ge