პოლიტიკური გაერთიანება "სახალხო დემოკრატების" ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" სარჩელს ფიჭვური კავშირგაბმულობის ოპერატორების წინააღმდეგ მხარს უჭერს.
"მსოფლიოში ბოლო სამი წლის განმავლობაში ტარიფები, საშუალოდ, 21%-ით შემცირდა, საქართველოში კი ტარიფი არ შემცირებულა ბოლო 14 წლის განმავლობაში. ეს დაუშვებელია და არ შეიძლება ასე გაგრძელდეს", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა და აქვე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა, რომ ასოციაციის სარჩელი ოპერატიულად განიხილოს, დააკმაყოფილონ იგი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღონ.
ივანიშვილი "ახალგაზრდა ფინანსისტების" პოზიციას იზიარებს და მიაჩნია, რომ გონივრული ტარიფი, ერთი მხრივ, კომპანიების სათანადო მოგებას უზრუნველყოფს, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებისთვის დიდი შეღავათი იქნება.
"სახალხო დემოკრატების" ლიდერი სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აპირებს საჯარო საპროტესტო აქციების ორგანიზებას.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" ერთი წლის წინ გამოქვეყნებული კვლევის საფუძველზე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სარჩელი შეიტანა და ტარიფების შემცირება მოითხოვა.