ზაზა ფაჩულიას ორმაგი დუბლი „პორტლენდ თრეილ ბლეიზერსთან" გასვლით მატჩში. „მილუოკი ბაქსის" ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ზაზას შთამბეჭდავ თამაშს ბრწყინვალებას ოდნავ უკარგავს მილუოკელთა დამარცხება.
„ხარირმებმა" დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ მოწინავე გუნდს დიდი ბრძოლა გაუმართეს, მთელი თამაშის მანძილზე არ ჩამორჩებოდნენ და ბოლო წამებზე რომ გამართლებოდათ, გაიმარჯვებდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 98:98 დასრულდა, დამატებით ხუთწუთეულში კი მასპინძლებმა მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება - 120:115.
ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე მთლიანობაში 37 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 14-დან 7 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 17 ქულას ფაჩულიამ 13 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა მოაყოლა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. 24 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა მილუოკელთა გამთამაშებელ ბრენდონ ნაითს, რამონ სეშენსმა კი შეხვედრა 21 ქულით დაასრულა. ფაჩულიას პორტლენდელმა ოპონენტმა, რობინ ლოპესმა 15 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.
მილუოკელთაგან ყველაზე სასარგებლო კალათბურთელად ფაჩულია დასახელდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მე-3 ორმაგი დუბლი მოაგროვა. პირველი ორმაგი ზაზამ სეზონის პირველსავე მატჩში, 30 ოქტომბერს - „ნიუ იორკთან" (13 ქულა, 11 მოხსნა) გაიფორმა, ხოლო მეორე, 8 თებერვალს - „ჰიუსტონთან" (12 ქულა, 10 მოხსნა). აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მატჩში მოგროვებული 4 ჩაჭრა ზაზასთვის მიმდინარე სეზონში სარეკორდოა, ხოლო 13 მოხსნა საუკეთესო შედეგის გამეორებაა.
4-მატჩიანი დასავლური ტურნის მორიგ შეხვედრას „მილუოკი" 20 მარტს ოკლენდში, „გოლდენ სტეიტთან" გამართავს.