საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, დაიწყო ინტერაქტიური ტრენინგის რეგიონული პროგრამა მცირე მეწარმეებისთვის, რაც დაეხმარება მათ შეამცირონ ხარჯები, მოახდინონ რისკების მართვა და დააჩქარონ კრიზისიდან გამოსვლა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საერთაშორისო საფინანსო კორპორაციიდან აცნობეს.
ტრენინგი შეიმუშავა IFC-ის კორპორაციული სექტორის კრიზისის დაძლევის პროექტმა საკონსულტაციო ფირმა Ernst&Young -ისა და იურიდიული ფირმა CMS Cameron -ს მხარდაჭერით. ტრენინგი ჩაუტარდათ მეწარმეებს თბილისსა და ბათუმში. პირველ ორ სემინარს კომპანიების, ბიზნეს ასოციაციებისა და სამთავრობო უწყებების 80-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
`სემინარი ძალზე სასარგებლო და პრაქტიკული იყო," განაცხადა ინვესტორთა საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, ICON ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ჯეზმი აკშაჰინმა ბათუმში ჩატარებული ერთდღიანი სემინარის შემდეგ. `ბევრი რამ გავიგე ხარჯების შემცირებასა და კრიზისის პერიოდში ეფექტიანობის გაზრდაზე. მივიღე ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ გადაურჩნენ კრიზისს ჩემი კომპანიის მსგავსი კომპანიები და ამ თეორიას ყოველდღიურ საქმიანობაში გამოვიყენებ ჩემი ბიზნესის გასაფართოვებლად."
IFC 40-ზე მეტი სემინარის ჩატარებას გეგმავს მცირე მეწარმეებისთვის ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რათა დაეხმაროს მათ რისკის მართვასა და კრიზისულ გარემოში არსებული სირთულეების დაძლევაში.
`მოხარული ვარ, რომ ამდენი მცირე მეწარმე დაესწრო სემინარს ბათუმში," განაცხადა IFC-ის წარმომადგენელმა კავკასიაში, თომას ლუბეკმა. `მცირე და საშუალო საწარმოები საუკეთესო შესაძლებლობებს ქმნიან საქართველოში დასაქმებისთვის, ეკონომიკური ზრდისთვის და დივერსიფიკაციისთვის. IFC, საკონსულტაციო პროექტებითა და ინვესტიციებით, განაგრძობს მათ მხარდაჭერას, განსაკუთრებით რეგიონებში."
IFC ერთადერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც ფოკუსირებულია ექსკლუზიურად კერძო სექტორზე, რაც ახალი ბაზრების მდგრადი განვითარების მამოძრავებელი ძალაა. რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან ერთად IFჩ ამჟამად ცდილობს გაზარდოს კაპიტალი, რათა კიდევ უფრო განამტკიცოს განვითარებად ქვეყნებში ღარიბი მოსახლეობის დახმარების შესაძლებლობები - მათ შორის, კრიზისის დაძლევის პროცესში კომპანიების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამით.
მასალის გამოყენების პირობები