ბიზნესკომპანიების ლიკვიდაციის პროცესი გამარტვივდა. ამის შესახებ დღეს, ფინანსთა სამინისტროში შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხაკაიამ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა საერთაშორისო მისიებსა და ბიზნეს-საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადეს.
ცხაკაიას განცხადებით, კომპანიის ლიკვიდაციის პროცედურების დასრულებისთვის აქამდე საშუალოდ 3.3 წელი იყო საჭირო. 2004 წლიდან მოყოლებული 2010 წლის დასაწყისისთვის ლიკვიდაციების რიგში 500 კომპანია იდგა. ამასთან 2009 წლის 3 ნოემბერს "მეწარმეთა შესახებ" კანონში შევიდა ცვლილებები და სალიკვიდაციო განცხადების მიღებისა და კომპანიათა ლიკვიდაციის რეგისტრაციის უფლება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა, ხოლო სალიკვიდაციო პროცესის მაქსიმალურ ვადად 4 თვე განისაზღვრა.
2010 წლის 25 იანვარს შემოსავლების სამსახურმა შეიმუშავა და ფინანსთა მინისტრმა დაამტკიცა სპეციალური ნორმატიული აქტები (ინსტრუქცია ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პირების საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას რისკების შეფასების სისტემის ამოქმედების თაობაზე და პირის ლიკვიდაციის საგადასახადო ორგანოს მიერ გასატარებელი ღონისძიების განხორციელების წესი), რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა სპეციალური სტრუქტურული ერთეული, რომელიც უმოკლეს ვადებში განიხილავს კომპანიათა სალიკვიდაციო განცხადებას.
ცხაკაიამ სხვა სიახლეზეც ისაუბრა, მისი თქმით, შეიქმნა ელექტრონული სისტემა, რომელიც წინასწარგანსაზღვრული რისკის კრიტერიუმების გაანალიზების შედეგად შემოწმებათა სიიდან გამორიცხავს საგადასახადო რისკის შემცველ სალიკვიდაციო საწარმოებს და მათი ლიკვიდაცია 8-10 დღეში იქნება შესაძლებელი, ხოლო თუ საწარმოში უნდა ჩატარდეს საგადასახადო შემოწმება ამისთვის მაქსიმალურ ვადად 2 თვე განისაზღვრა.
"აღნიშნული სისტემის გამოყენებით უკვე გადამოწმდა 40 სალიკვიდაციო კომპანია, რომელთაგან 36-ის ლიკვიდაციის დასრულებაზე წარდგინება უკვე გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ამასთან, 2010 წლის განმავლობაში მთლიანად დასრულდება დღემდე არსებულ სალიკვიდაციო რიგში მყოფი ხუთასივე კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი. ყველა აღნიშული სიახლე საქართველოს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო გაიუმჯობესოს რეიტინგი დოინგ ბუსინესს კვლევებში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების გაზტდას", - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხაკაიამ.