დღეს, 13:00 საათზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექციის, სვენეთი-რუისის 15 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაუწევენ მონიტორინგს.
პროექტით გათვალისწინებულია ორი, პარალელური გვირაბის (თითო ორ ზოლიანი) მშენებლობა, რომლის საერთო სიგრძე - 800 მეტრია. გვირაბი აშენდება ახალი, ავსტრიული ტექნოლოგიით, რაც ითვალისწინებს გვირაბის მშენებლობას ოპტიმალური სამაგრის შერჩევით. ეს მეთოდი აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში.
ასევე, სვენეთი-რუისის მონაკვეთზე გათვალისწინებულია ექვსი ხიდის მშენებლობა: გორის გზაგამტარის, ხიდის მდ. თორთლაზე, მეჯვრისხევის გზაგამტარის, ხიდის მდ. მეჯუდაზე, ცხინვალის კვანძისა და ხიდის მდ. ლიახვზე. ამათგან, ყველაზე მასშტაბური მშენებლობა არის ორი პარალელური ესტაკადა მდ. ლიახვზე, რომლის საერთო სიგრძე 880 მეტრია.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის სვენეთი-რუისის მონაკვეთზე მშენებლობა განხორციელდება ცემენტ-ბეტონის საფარის გამოყენებით, რომელიც აპრობირებულია განვითარებულ სახელმწიფოებში და გამოირჩევა განსაკუთრებული სიმტკიცით.
სვენეთი-რუისის მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობის სამუშაოები გზების მშენებლობის ისტორიაში, ყველაზე რთული და მასშტაბურია საქართველოში. იგი საგზაო-სამშენებლო ნაგებობათა თითქმის ყველა სახეობას მოიცავს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია ამიერკავკასიაში.