თბილისში ყოველწლიური კონფერენცია „ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარებით სახელმწიფოს მმართველობის მშენებლობა" გაიმართა.
ფორუმი სასტუმრო „შერატონ-მეტეხი პალასში" დღეს ოფიციალურად გაიხსნა. კონფერენცია ნატო-საქართველოსა და ნატო-უკრაინის პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) ფარგლებში მეორედ იმართება.
ორდღიან კონფერენციაზე ნატოს წევრი ქვეყნების პროფესიული განვითარების სპეციალისტები საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს პროფესიული განვითარების კუთხით გამოცდილებას უზიარებენ.
ფორუმზე საჯარო სამსახურში რეფორმის განხორციელებისა და კორუფციის პრევენციის საკითხებზე, ასევე ადგილობრივი პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობენ. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე. მან თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და ამ მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება. თამარ ქაროსანიძემ კეთილსინდისიერების ამაღლების (BI) კურსის განვითარებისა და შიდა აუდიტის ჩამოყალიბების შესახებაც ისაუბრა და კოლეგებისგან რეკომენდაციები მიიღო. „კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროგრამა გვეხმარება იმაში, რომ თავდაცვის სამინისტროში მაღალკვალიფიციური კადრები გვყავდეს და მოხდეს ჩვენი საჯარო მოხელეების გადამზადება. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ამ კონფერენციაში მონაწილეობენ უკრაინის წარმომადგენლები, მათთან ერთად ხდება გამოცდილების გაზიარება. გარდა ამისა, მოწვეულები არიან ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც გვეხმარებიან და მომავალშიც დაგვეხმარებიან, რომ თავდაცვის სამინისტროში გაგრძელდეს რეფორმების განხორციელება" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
დღესვე, ფორუმში მონაწილე საჯარო სექტორის ქართველი და უკრაინელი წარმომადგენლები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში გამჭვირვალობის უზრუნველყოფის საკითხებსაც შეეხნენ. კოლეგებმა საქართველოსა და უკრაინაში სამოქალაქო მომსახურების რეფორმის, კეთილსინდისიერების ამაღლებისა და შიდა აუდიტის ფუნქციების, ასევე, პროფესიული განვითარებისათვის ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერების შესახებაც ისაუბრეს. პროგრამა (PDP) საქართველოში ოთხი წლის განმავლობაში ხორციელდება და სახელმწიფო მმართველობის გაძლიერებას, პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სამოქალაქო მომსახურების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.