საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოთხი დანაშაულებრივი ფაქტი აღკვეთა. საქმე ეხება სატყეო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, კერძოდ:
ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო"-ს მცხეთა-მთიანეთის სატყეო უბნის ძეგვის სატყეოს ტყის მცველი ელდარ კვერცხიშვილი დააკავეს.
დაკავებულმა საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ერთი კუბური მეტრი ნეკერჩხლის მოჭრის და ტყიდან დაუბრკოლებლად გატანისას, მის მიერ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების არ გატარების სანაცვლოდ, მოქალაქეებისაგან ქრთამის სახით, 400 ლარი აიღო.
ასევე, საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის რეინჯერი ელბაი ალიევი დააკავა, რომელმაც საგარეჯოს რაიონში არსებული მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე 2,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მოქალაქისათვის სარგებლობაში გადაცემის და ამ მიწის ნაკვეთის სარგებლობისას სამსახურეობრივი მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა 3 000 ლარის ოდენობით.
ამასთანავე, ჩატარებული ოპერაიულ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების დამზადება გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიცემული იქნენ იმერეთის სატყეო სამსახურის ბაღდათის სატყეო უბნის მცველი არჩილ გრძელიძე და ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის - წაღვერის სატყეოს ტყის მცველი კობა მსრიანი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 332-ე, 341-ე და 338-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე
მასალის გამოყენების პირობები