ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში მოსახლეობასა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად დაკავებულები არ არიან.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტას მოსახლეობა მთავრობის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. სოფლის მოსახლეობამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილს და გარემოს დაცვის თანამშრომლებს იმ ტერიტორიის დათვალიერების საშუალება არ მისცეს, სადაც ჰესის მშენებლობა უნდა დაიწყოს.
ადგილობრივებს მორიგეობა ჰქონდათ დაწესებული და ჰესის სამშენებლო სამუშაოს დასაწყებად მთავრობას იქ ტექნიკის შეყვანის საშუალებას არ აძლევენ.
ცოტა ხნის წინ, საქმეში სამართალდამცავები ჩაერიენ. მათ გახსნეს გზა, რის შემდეგაც მთავრობის წევრები ჰესის ტერიტორიაზე შევიდნენ. ამასთან, მოსახლეობა აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა ისინი დარბევის გზით დაშალეს.