"პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტები განუხრელად იზრდება. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ დსთ-ის ქვეყნები და საქართველო მასშტაბური ომისთვის ემზადებიან", _ წერს "ნეზავისიმაია გაზეტა".
სტატიაში ნათქვამია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მაქსიმალურ ნაწილს (4. 56%) საქართველოს ხელისუფლება თავდაცვაზე ხარჯავს. მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 2009 წელს 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტად შემცირდა. თუმცა ბიუჯეტიდან სამხედრო საჭიროებისათვის გამოყოფილი იქნა 519 მილიონი აშშ დოლარი.
ამ თანხაში არ შედის აშშ-ისა და ნატოს სამხედრო-ჰუმანიტარული დახმარება. ამჟამად 1 მილიარდი აშშ დოლარი, რომელთაგან 50 მილიონი გათვალისწინებულია მხოლოდ სამხედრო ხარჯებისათვის საქართველოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ფარგლებში დახმარების ფარგლებში გადაირიცხა. ეს ფაქტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯეიმს სტაინბერგმაც დაადასტურა.
ანალოგიური თანხის გამოყოფითაა დაკავებული ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. გასულ თვეს ბრიუსელში გამართულ ნატოს საბჭოზე თბილისის ალიანსთან თანამშრომლობის 2010 წლის ნაციონალური გეგმა განიხილებოდა. სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის თქმით, გათვალისწინებულია რეფორმების გაგრძელება დემოკრატიის, თავდაცვისა და ეკონომიკის გამყარებისთვის.
საქართველოს შემდეგ მეორე ადგილზე შეიარაღების მხრივ "ნეზავისიმაია გაზეტა" სომხეთს ასახელებს, რომელიც თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 4, 07% ხარჯავს. ხოლო თუ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სამხედრო ხარჯებსაც გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ სომხეთის მთავრობა სამხედრო საჭიროებისათვის დაახლოებით 600 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავს.
აზერბაიჯანს კი რომელიც ამტკიცებს, რომ მეზობელი სომხეთი მისი კანონიერი ტერიტორიის 20 % ფლობს, არაერთგზის განუცხადებია, რომ ამ პრობლემის გადაჭრა სამხედრო გზით შეიძლება. ამ გეგმების მიხედვით, კი იგი ცდილობს არავის ჩამორჩეს და სამხედრო ხარჯებისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის 3, 95% ხარჯავს.
აზერბაიჯანის სამხედრო პოტენციალის ზრდით შეშფოთებულნი არიან ეუთოს წარმომადგენლები. ქვეყანაში შექმნილია ცალკე სამინისტრო, რომელიც სამხედრო მრეწველობას განაგებს. მისი ბიუჯეტი კი თავდაცვაზე გამოყოფილ სხვა სახსრებში არ შედის. ამას გარდა, ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანმა მოახერხა მნიშვნელოვანი სამობილიზაციო რეზერვის ჩამოყალიბება. ასე რომ, ექსპერტთა აზრით, ყოველივე ზემოთხსენებულისა და ასევე "ნავთობდოლარების" წყალობით, სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში აზერბაიჯანს სამხედრო ხარჯებისათვის 3-4 მილიარდი აშშ დოლარის (მთლიანი შიდა პროდუქტის 9-10%) გამოყოფაც შეუძლია.
უკრაინა სამხედრო ხარჯებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 3, 5% ხარჯავს, თუმცა მიმდინარე წელს ამ ხარჯების 5. 2 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდას აპირებს. თუმცა ექსპერტები ეჭვობენ, რომ უკრაინა ამის გაკეთებას შეძლებს.
მთლიანი შიდა პროდუქტის ასეთივე პროცენტს ხარჯავს თავდაცვისათვის უზბეკეთი.
ბელორუსში არმიისთვის 900 მილიონ აშშ დოლარზე მეტი (მთლიანი შიდა პროდუქტის 1,5%) იხარჯება.
რუსეთის სამხედრო ხარჯები კი რუბლის ეკვივალენტში 3,4% გაზრდილი. თუმცა საქმეზე ხარჯებმა თითქმის 1,5 მილიარდი აშშ დოლარით იკლო _ მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებისა და რუბლთან მიმართებაში დოლარის კურსის გაზრდის გამო.
ამასთან ერთად, რუსეთის ფედერაცია თავდაცვის სფეროში აქტიურად ეხმარება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს _ ამ ქვეყნების მიმართ რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური დახმარებს იმაზე მეტია ვიდრე საქართველოს მთელი სამხედრო ბიუჯეტი.
აფხაზეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოყოფილია 15-16 მილიარდი რუსული რუბლი. სამხრეთ ოსეთის მიმართულებითაც ნაკლები თანხა როდი დაიხარჯება.
ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი თავდაცვის სფეროზე დიდ თანხებს როდი ხარჯავენ. მათი დანახარჯები სამხედრო სფეროში მთლიანი შიდა პროდუქტის 1 % შეადგენენ.
უცვლელი რჩება თურქმენეთისა და მოლდავეთის სამხედრო ხარჯები და მათი რაოდენობა მცირეა.