ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი საქართველოს კიდევ 180 მლნ ევროს ასესხებს.
სესხით ორი პროექტის: თურქეთის მიმართულებით 500-კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზისა და რკინიგზის თბილისთან შემოვლითი, 30-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობის დაფინანსება მოხდება.
"თანხიდან 80 მლნ პირველი პროქტის, დანარჩენი 100 მლნ ევრო კი რკინიგზის დედაქალაქთან შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობას მოხმარდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის დელეგაცია იმყოფება, რომელსაც თავად ბანკის პრეზიდენტი თომას მიროუ ხელმძღვანელობს.
ამ წუთებში ფინანსთა სამინისტროში დახურული შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც მხარეები შესაბამის შეთანხმებებს გააფორმებენ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული 180 მლნ ევრო საქართველოს 2008 წელს, ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში გამოეყოფა.